კამათი სენაკში ბაქრაძესთან შეხვედრისას: „დედა შეეწირა ჩემ ამბებს, რისთვის აწამებდნენ?“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის N1-მა დავით ბაქრაძემ სენაკის მოსახლეობას ქალაქის მაჟორიტარად ყოფილი პარლამენტარი კობა ნაყოფია წარუდგინა.


მოსახლეობასთან შეხვედრისას, ბაქრაძემ განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში სოციალური კუთხით არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო სრულ ეკონომიკურ სტაგნაციაშია.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით ბაქრაძემ შეკრებილ მოსახლეობასთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში განაგრძო, რა დროსაც მასთან ეტლს მიჯაჭვული მოქალაქე მივიდა. მან ბაქრაძეს წინა ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე შეკითხვები დაუსვა. მოქალაქის თქმით ის ადეიშვილის პირადი პატიმარი იყო და შეურაცხმყოფელია, როცა მერაბიშვილი და ადეიშვილი პოლიტპატიმრებად იწოდებიან, ხოლო სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილად. ბაქრაძეს ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი გამოესარჩლა, რომლის განცხადებითაც, მას ამჟამინდელ ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს და „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას ელის.

Comments
Loading...