„კანონიერი ქურდი“ გუშინ დარბაზიდან გაათავისუფლეს და ლამის ბოდიშიც მოუხადეს, მე კი ჩემი აფეთქების საქმის მასალებს არ მაცნობენ – გივი თარგამაძე

ის ეჭვი, რომელიც მქონდა აფეთქებიდან დაწყებული არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება დღევანდელმა ხელისუფლებამ განახორციელა, – ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თარგამაძის თქმით, მას მანქანის აფეთქების საქმის მასალების გაცნობის საშუალებას არ აძლევენ.

მისივე თქმით, არჩევნების დასრულებისთანავე ხელისუფლებამ დაკარგა ინტერესი 4 ოქტომბრის აფეთქების გამოძიების მიმართ.

”პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ხელისუფლებამ დაკარგა ინტერესი 4 ოქტომბრის აფეთქების გამოძიების მიმართ. მე მიწევს ჩემი ძალისხმევით ვაიძულო თითოეული იმ საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელიც მათი ვალდებულებაა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჩამიტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, თვეზე მეტი იყო გასული, როდესაც ჩემი მეუღლის მანქანის შემოწმებას მივაღწიე. სამი-ოთხი დღის წინ ისევ ჩემი ძალისხმევით, უკვე გამოძიების დაწყებიდან 2 თვის შემდეგ მცნეს დაზარალებულად. არ ვიცი, ეს ორი თვე მათ შემსრულებლად მივაჩნდი ამ აქტის თუ თანამზრახველად. დაზარალებულად რომ მცნეს, აჩენს ვალდებულებას მათი მხრიდან, რომ გამაცნონ საქმის მასალები, რაზეც ეს დღეებია ჯიუტად უარს აცხადებენ. ჩვენ ვიხილეთ ყოველდღიურად სამართლიანობააღდგენილები როგორ ეცნობიან არა მხოლოდ საქმის მასალებს, არამედ პროკურატურაში ლამის თათბირს ატარებენ. გუშინ ვნახეთ „კანონიერი ქურდს“ როგორ სწრაფად გააცნეს არამარტო მასალები, არამედ დარბაზიდან გაათავისუფლეს და ლამის ბოდიშიც მოუხადეს. ჩემს შემთხვევაში ისინი უარს ამბობეს თავიანთი ვალდებულების შესრულებაზე, რაც იწვევს ბუნებრივ ეჭვს, რომ პროკურატურა ცდილობს თავის საკუთარ ინტერესებს მიუსადაგოს ის ფაქტები, რაც პოლიციამ მოიპოვა და საქმე ისე ააწყოს , რომ შემდგომში მას გაუადვილდეს მისთვის სასურველი შედეგის დადგომა. სხვა ახსნა ამ მოვლენას არ აქვს”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძის თქმით, მას კითხვა უჩნდება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ მოხდა საქმის ტერორისტული აქტის მუხლზე გადაკვალიფიცირება. მისივე განცხადებით, მოტივთან და დამკვეთთან დაკავშირებით არ გამოთქმულა არანაირი მოსაზრება.

”პირველ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ადამიანს ვისაც ისინი დებენ ბრალს, დატოვებული აქვს საქართველოს ტერიტორია, ხოლო პარლამენტში ჩვენი დეპუტატის შეკითხვაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ამ ადამიანს არ აქვს საზღვრის კვეთა. თუ საზღვრის კვეთა არ აქვს რის საფუძველზე გამომიცხადეს მე, რომ ეს ადამიანი არ იმყოფება ქვეყანაში”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ეჭვი, რომელიც აფეთქების დღეს ჰქონდა, არ გაქარწყლებია.

”მე ვფიქრობ, რომ ის ეჭვი, რომელიც მქონდა იმთავითვე აფეთქებიდან დაწყებული არ გამქარწყლებია, რომ ეს აფეთქება განახორციელა დღევანდელმა ხელისუფლებამ. შესაბამისად, ბუნებრივია, ისინი ეცდებიან ააწყონ საქმე ისე, რომ მათი მონაწილეობა ამ საქმეში არ გამოჩნდეს, თუმცა, ეჭვი მეპარება ეს მოახერხონ და ისე ლამაზად გააკეთონ, რომ კითხვები არ დარჩეს”, – განაცხადა თარგამაძემ.

4 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. აფეთქების შედეგად 5 პირი დაშავდა.

Comments
Loading...