კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის ან შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემა უკანონო იქნება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. ავლაბრის რეზიდენციიდან გამოყვანის, ან აღნიშნული შენობის სხვა სახელმწიფო სტრუქტურისთვის გადაცემის თაობაზე მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილება და შესაბამისი სამართლებრივი აქტი, სავარაუდოდ, უკანონო იქნება.
“სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ანხორციელებს. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან დაკავშირებით ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, მას ინდივიდუალური აქტის გამოცემა მოუწევს.
ამასთან, არსებობს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულება, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი და მასში პირდაპირ წერია, რომ ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, მ. აბდუშელიშვილის ქ. №1, საფოსტო ინდექსი – 0103. “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს პარლამენტის დადგენილებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა ნორმატიული აქტების მიმართ. შესაბამისად, ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოყვანის თაობაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტი, პრეზიდენტის ბრძანებულებასთან წინააღმდეგობაში მოვა და შესაძლოა მისი კანონიერების საკითხი სამართლებრივი დავის საგანი გახდეს.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტთან სამართლებრივი დავის შესაძლებლობას კანონი სავარაუდოდ მთავრობასაც ანიჭებს. საქმე ისაა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, განსაზღვროს ადმინისტრაციის სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუმცა პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციის ადგილმდებარეობის განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში არაფერი წერია. შესაბამისად, თუკი მთავრობა გადაწყვეტს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს და ამისთვის იურიდიული საფუძვლების ძებნასაც დაიწყებს, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და პრეზიდენტის №963 ბრძანებულების კონსტიტუციურობასთან შესაბამისობის საკითხი არკვიოს

Leave A Reply

Your email address will not be published.