კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საზღვარგარეთ გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი საზღვარგვარეთ სამუშაოდაა წასული.

ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისმა ცოლმა ეკა შიოლაშვილმა განუცხადა.

სასამართლოში ე.წ. ციანის საქმის არსებითი განხილვა 5 მაისს დაიწყება.

სოსო ოხანაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა. საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ ილია მეორეს დაცვის ყოფილი უფროსი ბრალდებული დეკანოზის თანამზრახველია. ირაკლი მამალაძე ამტკიცებს, რომ სოსო ოხანაშვილისა და დაცვის სამსახურის სხვა წევრების მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს და მათ წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას.
“პირველთან” საუბარში ბრალდებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს სოსო ოხანაშვილს უსაფუძვლოდ ადებს ხელს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირ სამართლებრივ მტკიცებულებებს არ ფლობს.
ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას”,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 2017 წლის 5 მაისს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმე სასამართლოში წარიმართა გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში, თუმცა გამოყოფილ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის დაგეგმილი შესაძლო დანაშაულის სხვა ობიექტების და ბრალდებულ გ.მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების დადგენის მიზნით.

Comments
Loading...