ხარძიანის მკვლელობის საქმე იმ მოსამართლეს დაეწერა, რომელმაც მას 8 წელი შეუფარდა

ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას ინფორმაციით, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ნოზაძეს დაეწერა, რომელმაც წლების წინ, ხარძიანს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ კორძაია „ფეისბუქზე“ წერს.

„ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე დაეწერა ე.წ. მოსამართლე ლელა ნოზაძეს, რომელმაც თავის დროზე შეთითხნილი ბრალდებით 8 წელი შეუფარდა ბესოს. შემდგომ ძალდატანებით და წამებით გლდანის ციხეში “კუს ტბა” დაათმობინეს. მერე რა მოხდა და როგორ მოხდა, კი იცით ყველამ. ხოდა მაინტერესებს ძალიან, ბედის დაცინვაა ეს ყველაფერი თუ უბრალო მოკვდავები დაგვცინიან ისე რომ არ იმჩნევენ და ჩვენც ვერ ვამჩნევთ“, – წერს კორძაია.

როგორც „ინფო 9“-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა ხვალ იწყება.

მათივე ცნობით, საქმე მოსამართლე ლელა ნოზაძეს დაეწერა. პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული.

ბესო ხარძიანი გასული წლის 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენს საკუთარ სახლთან სამჯერ ესროლეს, დაჭრილი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა მისი დახმარება ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე მიმდინარე წლის 21 იანვარს გახსნა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

ბესო ხარძიანი კუს ტბის ერთ-ერთი მფლობელი იყო. 2011 წლის 16 თებერვალს ბიზნესმენი ნარკოდანაშაულის ბრალდებით აიყვანეს და 8 წელი მიუსაჯეს. ხარძიანს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

ხარძიანი ახალი ხელისუფლების პირობებში საპატრიარქოში შედგენილი შესაწყალებელთა სიით გათავისუფლდა და დაიწყო სასამართლო დავა კუს ტბის ქონების დაბრუნების მოთხოვნით.

Comments
Loading...