ხათუნა ლაგაზიძე: მე და ჩემს ოჯახს სერიოზული საფრთხე გვემუქრება

ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვა. როგორც ლაგაზიძემ განაცხადა, პარტიის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პარტია გაყიდა.

ლაგაზიძე პარტიის მხრიდან მისი და მისი ოჯახის მიმართ საფრთხეებზე საუბრობს და სამართალდამცავ ორგანოებს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს.

მისი თქმით, პარტიული სია ყოფილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული პირების გავლენით ჩამოყალიბდა.

„პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია, თავისი სტრუქტურებით, ადამიანებით და იმ იდეებით, რის გამოც ჩვენ ერთად ვაშენებდით ამ პარტიას და მანამდე ფონდს პირველივე დღიდან. მან „გირჩთან“ შეერთების გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ გადაერჩინა პარტია, როგორც ამას ამტკიცებდა, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ამის დასტური გახლავთ საარჩევნო სია, სადაც მისი პარტიის ნარჩენებიდან მხოლოდ სამი ადამიანი წარმოდგენილი. დანარჩენი სია დაკომპლექტებულია გამყიდველი „ნაციონალებისგან“ და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ზეწოლით. მე და ჩემი ოჯახის წევრებს, მათი მხრიდან სერიოზული საფრთხე გვემუქრება. ამიტომ, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ მინიმუმ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, როდესაც პარტიაში მივიდა, გარანტია მიიღო, რომ ეს არ იყო არც „ნაციონალური“, არც რუსული და არც კრიმინალური ფული, თუმცა მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის სიტყვები და გარანტიები „ცარიელი წყალი აღმოჩნდა“.

Comments
Loading...