ხიდაშელი-ინაშვილის დაპირისპირება…

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და “პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერ, ირმა ინაშვილის დაპირისპირება დღითიდღე მწვავდება.

პოლიტიკური დაძაბულობა კი მას შემდეგ დაიწყო,რაც საგარეჯოს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად თამარ ხიდაშელი იქნა არჩეული, რომელიც მინისტრის ნათესავია.

ირმა ინაშვილის მტკიცებით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და მასში ჩართული იყო რესპუბლიკური პარტია პლიუს სახელისუფლებო რესურსი, რომელთაც აღნიშნული ხმები ადგილობრივ მცხოვრებთა დაშინების და შანტაჟის გზით მიიღეს.

პატრიოტთა ალიანსი ასევე საუბრობს სამხედროებისთვის განკუთვნილ სპეცუბნებზე, რომელიც მისი თქმით, საგანგებოდ შექმნა თინა ხიდაშელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე თავდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ რუსულ ძალაზე ის კომენტარს არ აკეთებს, რუსულ ძალად კი პატრიოტთა ალიანსს მოიაზრებს.

მინისტრს ეხმაურება ირმა ინაშვილი და რუსული ძალის მსახურად მის პარტიას ასახელებს,

“თავდაცვის მინისტრს ვეუბნები: რუსეთის აგენტები მოიკითხეთ თქვენს პარტიაში. გვახსოვს: ლევან ბერძენიშვილი როგორ ელაქუცებოდა რუსეთის საელჩოს დაზვერვის თანამშრომელს და პატაკს აბარებდა.

თქვენი მეუღლეც, ბატონი უსუფაშვილი მოსკოვთან ახლო მსახურობდა ჯარში და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ იმ პერიოდიდან დაამყარა კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან… სოზარ სუბარმა პირდაპირ ეთერში დაადო ხელი დავით უსუფაშვილს, რომ რუსებს საარჩევნოდ ფულს სთხოვდა… და ვფიქრობ, თავდაცვის მინისტრი ამ პოსტზე სწორედ რუსების დავალებებს ასრულებს.

რაც შეეხება დავით ბერძენიშვილის განცხადებას ევრაზიული ხვრელის აღკვეთაზე, ვპასუხობ: ბატონო დავით, ამიერიდან ვიტოვებ უფლებას პოლიტიკურ ხვრელად მოგიხსენიოთ”– პასუხობს ინაშვილი.

უკვე მეორე დღეა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის, თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგომის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან “პატრიოტთა ალიანსი”- ს ლიდერები შიმშილობენ.

აქციის მონაწილეები, მოთხოვნათა ნაწილის შესრულებამდე პროტესტის რადიკალური ფორმის შეწყვეტას არ აპირებენ.

Comments
Loading...