ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების შესახებ, მიმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებს…

თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საგარეჯოში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მისთვის, ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის, არ მიუმართავს კითხვით, არ გამოუთხოვია ოფიციალური ინფორმაცია სამხედროების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროდან სამხედროების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა, იყო უმრავლესობის დეპუტატი თამარ კორძაია.

მინისტრი არასამთავრობოებს მიმართავს, საქმეს ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ.

„არასამთავრობოებს რაც შეეხებათ, მე რამდენიმე თვის წინ ჩატარებული არჩევნების დროს, გავაკეთე ამ თემაზე კომენტარი და დღესაც იგივეს გავიმეორებ.

არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ქვეყანაში და სხვათა შორის, არც პოლიტიკურ პარტიას არ მოუმართავს ოფიციალურად.

ერთადერთმა ადამიანმა საქართველოში თამარ კორძაიამ მომართა თავდაცვის სამინისტროს გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების წინ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

თამარ კორძაიას რომ დააინტერესა, ვინ, რამდენი სამხედრო, რატომ, რა უფლებამოსილების ფარგლებში იღებდა მონაწილეობას, მომართა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით და მიიღო სრული ინფორმაცია.

არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთან, ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელ პირთან არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების შესახებ, რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ. ამიტომ, ცოტა მეტი სერიოზულობა და პროფესიონალიზმი არის ჩემი თხოვნა ამ ადამიანების მიმართ.

მე, ადამიანს, რომელიც 20 წელი ამ სეგმენტის ნაწილი ვიყავი, მაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, მოვთხოვო, განსაკუთრებით იმ ორგანზიაციის წარმომადგენლებს, სადაც მე ვმუშაობდი 20 წლის განმავლობაში, რომ ცოტა მეტი პროფესიონალიზმით მოეკიდონ საქმეს.

ყველას საჯაროდ მინდა მივმართო, ისინი ჩემი გაზრდილი ბავშვები არიან, ცოტა მეტი პატივი სცენ იმ ორგანიზაციას, რომელშიც მუშაობენ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სამი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სპეცუბნებთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავენ.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სამხედრო მოსამსახურეების ხმების მიცემის წესს არსებითად არ ცვლის.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მათი დისლოკაციის ადგილას არ არიან რეგისტრირებული, კვლავ ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში, რითაც აღნიშნული კატეგორიის პირთა ხმებით შესაძლო მანიპულაციის რისკები ისევ რჩება.

არასამთავრობოების ხელმძღვანელები ხელისუფლებას მოუწოდებენ გადახედოს საკუთარ ინიციატივას და სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის კუთხით არსებითი ხასიათის ცვლილებები განახორციელოს.

Leave A Reply

Your email address will not be published.