ხინჩეგაშვილი: უზომო სიხარულს ვგრძნობ, რომ კარიერაში უმაღლეს მწვერვალს მივაღწიე

საქართველოს 36-ე ოლიმპიური ჩემპიონის, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი და ოცნება ოლიმპიური ჩემპიონობა იყო.

ხინჩეგაშვილი გუშინდელ გამარჯვებას კარიერაში უმაღლეს მწვერვალს უწოდებს და ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

„განსაკუთრებულად ბედნიერი და გახარებული ვარ. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოგებული მაქვს, თუმცა მთავარი მიზანი და ოცნება, რა თქმა უნდა, ოლიმპიური ჩემპიონობა იყო. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი გავხდი, ახლა კი, უზომო სიხარულს ვგრძნობ, კარიერაში უმაღლეს მწვერვალს რომ მივაღწიე და ჩემი ქვეყნის და გულშემატკივრის გახარება შევძელი.

ოლიმპიური თამაშებისთვის ყველანაირად კარგად ვიყავი მომზადებული, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. რიოში ძალიან რთული და დაძაბული შეხვედრები მქონდა, მოწინააღმდეგეებიც ძლიერები იყვნენ. ჩემთვის ასევე, არ ყოფილა მოულოდნელობა იაპონელი მოჭიდავის ფინალში გასვლაც. მეტოქე ძალიან კარგ ფორმაში იყო. ვაფასებ მის შემართებას, მაგრამ როგორც ნახეთ, ყველას დამარცხება შევძელი და ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი“, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

Comments
Loading...