ხმაურის დონის გადაჭარბებაზე ფულადი სანქციები წესდება

გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაური, რომლის დონე დადგენილ ნორმატივს აღემატება, ადმინისტრაციული წესით დაისჯება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეა.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების ავტორი განმარტავს, რომ კანონპროექტის მომზადება გასართობი და სხვა დაწესებულებებიდან მომდინარე ხმაურის შედეგად მოსახლეობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დარეგულირებამ განაპირობა.

„საქართველოს კანონმდებლობით, ხმაურის დასაშვები ნორმატივები განსაზღვრულია, მაგრამ ამ ნორმატივების დარღვევისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის, რაც საკანონდებლო ხარვეზად უნდა იქნეს მიჩნეული“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება ცვლილებების არსს, პროექტის მიხედვით, ხმაური, რომელიც როგორც დღის, ასევე ღამის საათებში, რომელიც საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავეებში აღწევს და რომლის დონე დადგენილ ნორმატივს აღემატება, პირველ ეტაპზე, ფიზიკური/იურიდიული პირის გაფრთხილებას გამოიწვევს.

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩადენა გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორედ მოხდება, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით.

ცვლილებებით, ერთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მესამედ და მისი შემდგომი ყოველი ჩადენა ფიზიკური პირისთვის 300 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს, ხოლო იურიდიული პირისთვის – 1000 ლარიან ჯარიმას.

კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ „დღის საათებად“ ითლება, დროის მონაკვეთი 07:00-დან 23:00 საათამდე, ხოლო „ღამის საათებად“ – 23:00-დან 07:00 საათამდე.

პროექტის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება და უწყების ე.წ. ხმაურმზომი აპარატურით აღჭურვისთვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 ათასი ევროს ეკვივალენტი გამოიყოფა.

მერვე მოწვევის პარლამენტში, თბილისის საკრებულომ მსგავსი შინაარსის კანონპროექტი წარადგინა, რომლის არსი დეპუტატთა ნაწილმა არ გაიზიარა. მათ მიიჩნიეს, რომ მსგავსი რეგულაციებით კერძო ბიზნესი დაზარალდება.

Comments
Loading...