“ხშირად გვხვდება ოთხზოლიანი მცურავი, რომელიც 2- 2,5 მეტრი იზრდება” – ბოლნისში ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივიან

ბოლნისის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ქვეწარმავლები, მათ შორის შხამიანი გველები, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სახლების სხვენში, სარდაფში, ეზოებსა და გზებზე ხშირად ხვდებათ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ქვეწარმავლების გაუვნებელყოფაზე შპს ,,კომუნალური მეურნეობის“ სპეციალისტები მუშაობენ, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში, დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

შპს ,,კომუნალური მეურნეობის“ ქვეწარმავლების გაუვნებელყოფის სპეციალისტის დავით ბუიშვილის განცხადებით, მათ ბოლნისის ტერიტორიაზე მუშაობა აპრილის ბოლო რიცხვებიდან დაიწყეს და დღემდე ქვეწარმავლის გაუვნებელყოფის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

“ბოლნისში ისეთი რელიეფია, რომ მოსახლეობა ქვეწარმავლებს ხშირად ნახულობს. ქალაქი მთებით არის გარშემორტყმული და არის კლდეები, სადაც გიურზა ბინადრობს. ბოლნისში გიურზების პრობლემაა, მაგრამ ამასთან ერთად, არანაკლები რაოდენობით არიან სხვა სახეობის ქვეწარმავლები, მაგალითად, წითელმუცელა მცურავი. ასევე ხშირად გვხვდება ოთხზოლიანი მცურავი, რომელიც 2- 2,5 მეტრი იზრდება. ასევე სახლებში, ეზოებში, აღარაფერს ვამბობ საქათმეებსა და საქონლის სადგომებში ხშირად გვხვდებიან გველხოკელები, რომლებიც ხვლიკის ნაირსახეობაა და ფეხები არ აქვს. მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ გველი შხამიანია თუ არა, ისინი ამაში ვერც ერკვევიან და ეშინიათ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეწარმავლის გაუვნებელყოფისათვის ჩვენ გვიძახებენ. მთავარი პრობლემა, როგორც აღვნიშნე არის გიურზა, რომელიც შხამიანია. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ერთი გამოძახება, სოფელ დისველის გზაზე დავიჭირეთ საკმაოდ დიდი ზომის გიურზა. შარშან ბოლნისში გიურზას მიერ ადამიანის დაკბენის ერთი შემთხვევაც დაფიქსირდა. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, რომ თითოეულ გამოძახებაზე დროულად მივიდეთ“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დავით ბიუშვილმა.

წაყრო: “ინტერპრესნიუსი”

Comments
Loading...