ხუციშვილი: მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ფიქრობს, რომ მართვის მოწმობის 100 ქულიანის სისტემის ამოქმედების ვადები საპარლამენტო განხილვებზე იქნება დამოკიდებული.

ჟურნალისტებთან საუბარში ხუციშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალაში 2016 წლის მარტიდან უნდა შესულიყო, მაგრამ თარიღი შესაძლოა შეიცვალოს.

მისი ცნობით, საკითხი მთავრობაში ნოემბერში შევიდა, გარკვეული დრო პროცედურებმა წაიღო.

„ჩვენი შეთავაზება იყო მარტი, თუმცა, საბოლოოდ, მისი მიღება დამოკიდებულია საპარლამენტო განხილვებზე“, – ამბობს ხუციშვილი.

ცვლილებებით, მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება, საიდანაც თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა შესაბამისი ქულის გამოკლებას გამოიწვევს და ქულების ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება შეუწყდება, მოგვიანებით კი, მას გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

Comments
Loading...