“ხვალ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები საარჩევნო უბნების ჩაშლას გემავენ”

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხვალ, გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლას გემავენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ „ქართული ოცნების“ მხრიდან, გარდაბანში, წინასაარჩევნო პროცესი, საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ეთიკის მოთხოვნათა სრული დაცვით წარიმართა.

„სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობისა და ხშირად ეთიკის ნორმების უხეშ დარღვევას. ბოლო დღეების განმავლობაში, გარდაბანში განსაკუთრებით გახშირდა მათი მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხედავენ მოსახლეობის მკვეთრად ნეგატიურ განწყობას მათ მიმართ, რაც, სავარაუდოდ, განაპირობებს მათ დესტრუქციულ ქმედებებს. „ნაციონალები“ ხედავენ, რომ ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებენ გარდაბნის არჩევნებს და სწორედ, ეს განაპირობებს მათ აგრესიას“, – აღნიშნა კობახიძემ.

აქვე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გუშინ მათ კოორდინატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ბოლო დღეების განმავლობაში რეგულარულად, ფარულად ხევენ, ჩვენი, „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალებს. გუშინ, მაგალითად, „ნაციონალებმა“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ერთ-ერთ კოორდინატორს, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გუშინ, სოფელ სართიჭალაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს აგიტატორებს და ა.შ. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელსაც აქვს ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხვალ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, გარკვეულ პროვოკაციებს გეგმავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხვალ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები გემავენ საარჩევნო უბნების ჩაშლას, რათა შექმნან არჩევნების გაყალბებისა და არაჯანსაღ გარემოში ჩატარების ილუზია“,-აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ აგრესიული და დესტრუქციული ქმედებებისგან.

„აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ავყვებით არანაირ პროვოკაციულ მოქმედებებს და შევძლებთ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდად და ობიექტურად, რათა დაცული იყოს თითოეული გარდაბნელის ხმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Comments
Loading...