ხვალიდან N37 მარშრუტზე ათი ახალი ავტობუსი იმოძრავებს

ხვალიდან, „მანის“ ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებენ. სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით, ათი ახალი ავტობუსი ივლის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამავდროულად, აღდგება ღამის რეისებიც. 23:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე პერიოდში, პირველ ეტაპზე, 90-წუთიანი ინტერვალით თითო ლურჯი ავტობუსი იმუშავებს.

მგზავრობის საფასური დღე-ღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული, 50 თეთრი იქნება. ასევე, ძალაში დარჩება მერიის მიერ დაწესებული შეღავათებიც.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.

შემდეგ ეტაპზე, ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.

N51 და 61 მარშრუტებზე, ჯამში „მანის“ 25 ავტობუსი დადის. ეკოლოგიური-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი „მანის“ 143 ავტობუსს მიიღებს.

info9.ge

Comments
Loading...