ხვალიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს

ხვალიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესებს ამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში უვიზო რეჟიმის დაწესებასაც არ გამორიცხავენ.
“რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ორგანოების მიერ დადგენილი წესით.
რუსული მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომელიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენაა მიმართული და არ გამორიცხავს შემდგომში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უვიზო რეჟიმის შემოღებას”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...