“კიდევ კარგი, ამ კაცს შეზღუდული ძალაუფლება აქვს”

გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც კონსტიტუციაზე მაღლა დგომა გადაწყვიტა, უკვე 2 წელია საქართველოს პრეზიდენტია და დღემდე მისი ერთი ხეირიანი ინიციატივაც კი არ გვახსოვს. დღემდე მისი ერთი გაკეთებული საქმე არ გვაგონდება, მისი ხალხისადმი თანადგომის ერთი ფაქტი არ არსებობს. აი, მაშინ კი როცა „ნაცმოძრაობას” ძალიან უჭირს, პრეზიდენტი მუდამ გვერდში უდგას.

საქვეყნოდ ცნობილია ის სასამართლო დავა, რომელიც „რუსთავი 2″-ის ყოფილ მეპატრონეს, ქიბარ ხალვაშსა და არხის დღევანდელ მფლობელებს შორის მიმდინარეობს. ამ სამართლებრივი დავის გამო ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება მეტისმეტად დაძაბულია.

ამ ფონზე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოდის და აცხადებს, რომ ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებაა და შემდეგ დასძენს: „მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკონ ემოციები, მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება”. ეს სისულელე რომ დაასრულა, მარგველაშვილმა საკონსულტაციოდ მიიწვია დიპლომატიური კორპუსი, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2″-ის საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, სამართლებრივი დავა, ადგა და ამანაც პოლიტიკურ სიბრტყეში გადაიტანა, რასაც დიდი ხანია ცდილობენ „ნაციონალები”. დიახ, პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლეს მოუწოდებს, ხისტი გადაწყვეტილება არ მიიღოს. აი, ამ სისულელეს, მსგავს ვითარებაში კი არა, არც ერთ სხვა შემთხვევაში, არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ იტყოდა. ეს არის სასამართლოზე, კონკრეტულად, მოსამართლე ურთმელიძეზე ზეწოლა და სხვა არაფერი. ვიმეორებ, გიორგი მარგველაშვილი შეზღუდული ძალაუფლების მქონე პრეზიდენტია, მაგრამ მაინც პრეზიდენტი. მაინც, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება ხისტი? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის გადაწყვეტილებით „რუსთავი 2″ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდება. მაშ რა ქვეაზრი დევს მარგველაშვილის განცხადებაში? პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლე ურთმელიძეს მოუწოდებს, ქიბარ ხალვაშს არ დაუბრუნოს „რუსთავი 2″. აი, ეს გახლავთ ამ გადაკრული ნათქვამის რეალური შინაარსი. საქართველოს კონსტიტუციაში კი გარკვევით წერია, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და არც ერთ სახელისუფლებო შტოს არ აქვს მის საქმიანობაში ჩარევის უფლება, მათ შორის, პრეზიდენტს. აი, ამიტომაც ვამბობ, რომ თავი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა. თორემ ურთმელიძე რა ხილიცაა, ეს საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი. უბედურება ისაა, რომ ამ კაცს დღემდე მოსამართლე ჰქვია! ეს საკითხი რომ დაეყენებინა თავის დროზე მარგველაშვილს და ყველა მონა მოსამართლე გაეგდოთ სისტემიდან, სხვა საკითხი იქნებოდა და შექებასაც დაიმსახურებდა!

კარგი, ეს ერთი მიჰქარა, მაგრამ ქვეყანა ხალხის – დიპლომატების, პოლიტიკოსების, არასამთავრობოების დაპატიჟება რაღა იყო „რუსთავი 2″-ის საკითხის განსახილველად? საქმეს სასამართლო განიხილავს, რას ჩასჩარა მარგველაშვილმა ეს ადამიანები ამ საქმეში? რატომ ამძაფრებს ამ ისედაც პოლიტიკურ სასამართლო პროცესს? პასუხი მარტივია, ეს „ნაცმოძრაობას” აძლევს ხელს და მარგველაშვილი მათ სურვილს ასრულებს.

ნორმალური პრეზიდენტი გამოვიდოდა და იტყოდა, რომ „რუსთავი 2″-ისთვის დავა, ეს ორ კერძო სუბიექტს შორის სამართლებრივი დავაა, მე სასამართლოს კომპეტენციაში არ ვერევი, დავუცადოთ სასამართლოს გადაწყვეტილებასო და ამით დაასრულებდა ყველაფერს. ამის მისახვედრად საჭირო არ არის, კონფუცი იყო, უბრალოდ, ლოგიკურად და სამართლებრივად უნდა აზროვნებდე. აი, მარგველაშვილს კი ამას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ.

გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებამ უფრო დაძაბა სიტუაცია, „ნაციონალებს” უფრო მეტი საერთაშორისო მხარდამჭერი გამოუჩინა „რუსთავი 2″-ისთვის ბრძოლაში. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ამ პროცესის შესახებ ხმას ვერ იღებდა, რათა ქართულ სასამართლოზე ზეწოლა არ გამოსვლოდა, აი, მარგველაშვილის განცხადების გამო კი აიშვეს და „ნაცების” მხარდამჭერ განცხადებებს ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ. ცხადია, ყველა მათგანი ამ განცხადებაში მარგველაშვილის განცხადებას იშველიებს, – რადგან ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სასამართლოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება სიტუაციას უფრო დაძაბავს, მაშინ მეტი დაფიქრებაა საჭირო, ასეთი გადაწყვეტილება საქმეს არ არგებსო. ასეც აცხადებენ, რომ რადგან გიორგი მარგველაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებთ დიპლომატიური კორპუსი და პოლიტიკური პარტიები მიიწვია, ე.ი. საქმე პოლიტიკურ პროცესთან გვაქვსო. მოდი ახლა და შეედავე ამ ხალხს. მოდი და გაამტყუნე. მარგველაშვილმა მისცა მათ საკბილო და მათაც ჰაერში დაიჭირეს.

ნორმალურ ქვეყანაში ამგვარი განცხადების შემდეგ მედია მაგრად გაჯორავდა პრეზიდენტს, ბოდიშსაც მოახდევინებდა და ხელახლა მსგავსი განცხადების გაკეთების სურვილს დაუკარგავდა. მარგველაშვილს კი არც ბოდიში მოუხდია და რატომღაც მისი ეს „ლაფსუსი” ყველა ჩემს კოლეგას გამოეპარა.

მარგველაშვილი რომ „ნაციონალების” პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია, ეს არაერთხელ დადასტურებულა. თუნდაც, ბოლოდროინდელი, ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონზე დადებული მისი ვეტო გავიხსენოთ, რასაც „ნაცები” სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.

როცა ეს მოვლენები ვითარდებოდა, პარალელურად ვრცელდებოდა კადრები, სადაც „ნაცების” დაკვეთით არაადამიანები მამაკაცებს აუპატიურებენ. ამ იავპიშვილისგან ძალად შემოტანილ პრეზიდენტს, ერთი სიტყვა არ დასცდენია იმის შესახებ, რასაც მისგან ხალხი ელოდა. არ წამოსცდენია, რომ ამ საშინელებების დამკვეთები, ამ სისტემური დანაშაულის ორგანიზატორები, ანუ, „ნაცმოძრაობის” პოლიტიკური ლიდერები, უნდა დაისაჯონო. არა, ეს „გაატარა” მარგველაშვილმა, რადგან საქმე მისი იდეოლოგიური თანამოაზრეების, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარეწრების მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

თუმცა, ამ ყველაფრისთვის პასუხი მარტო მარგველაშვილს არ უნდა მოეთხოვოს. ბიძინა ივანიშვილს ხელიხელჩაკიდებული სოფელ-სოფელ დაჰყავდა მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ და გვიმტკიცებდა, ისეთი პრეზიდენტი იქნება, უკეთესს ვერ წარმოიდგენთო. „ქართული ოცნების” ლიდერები არ იყვნენ, ერთი მეორის მიყოლებით მარგველაშვიზე თავს რომ დებდნენ, ეს კაცი კონსტიტუციის გარანტი იქნება, არც იქით გაჭრის, არც აქეთ და ხელისუფლებას დააბალანსებსო? ჩემი ფეხები! დააბალანსა კი არა, მოირგო თუ არა პრეზიდენტის როლი, ეგრევე „ნაციონალურ მორევში” გადაეშვა, მუდმივად მათი მხარე უჭირავს და ეგ კონსტიტუციაც ფეხქვეშ გაიგდო.

კიდევ კარგი, ამ კაცს შეზღუდული ძალაუფლება აქვს და არა იმდენი, რამდენიც მიხელ სააკაშვილს ჰქონდა, თორემ „გიჟ მიშას” მოგვანატრებდა.

ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა

Leave A Reply

Your email address will not be published.