კინოს ისტორია

პარიზი, კაპუცინების ბულვარი, “გრან კაფეს” საბილიარდო “ინდური სალონი”… მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისათვის ეს სიტყვები ერთ თარიღთან ასოცირდება.

სწორედ აქ, 1895 წლის 28 დეკემბერს იშვა მეათე მუზა, “მეოცე საუკუნის სასწაულად” წოდებული მეშვიდე ხელოვნება – კინემატოგრაფი.


ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი, რომლის ორგანიზატორებიც ლიონელი ფაბრიკატები, ძმები ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.
ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს. აპარატს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.


პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა: “კედელი”, “მატარებლის შემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმე”, “გაწუწული მებაღე”… ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.

ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. მეორე დღეს საღამოს მაყურებელთა რიგი უკვე მიმდებარე ქუჩებს ავსებდა. იწყება კინემატოგრაფის ტრიუმფალური სვლა…


კინემატოგრაფის დაბადებას ხანგრძლივი წინაისტორია აქვს. უძველესი დროიდან კაცობრიობა ცდილობდა სიცოცხლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება – მუდმივი მოძრაობა, ცხოვრება აესახა მის ბუნებრივ მდგომარეობაში – დინამიკაში. ამ მცდელობის დასტურია ეგვიპტის ქურუმთა მიერ “სასწაულების” მოსახდენად გამოგონებული ოპტიკური აპარატები, სახელგანთქმული ჩინური “ჩრდილთა თეატრი”, ფრანგული “ჯადოსნური ფარანი”. მე-16-17 საუკუნეებში ტექნიკური აზრის სწრაფმა პროგრესმა კაცობრიობას საშუალება მისცა, ხორცი შეესხა ამ მისწრაფებისათვის.

XVII საუკუნეში გამოიგონეს “ჯადოსნური ფანარი”, რომელიც უძრავი გამოსახულების პროექციას იძლეოდა სიბრტყეზე. მარტივად რომ ვთქვათ, კინო თავის წარმოშობას პერსისტენციის ფენომენს, “ჯადოსნური ფარნის” პრინციპისა და მომენტალური ფოტოგრაფიის ტექნიკას უნდა უმადლოდეს.

ადამიანის თვალის ბადურას გააჩნია შესანიშნავი თვისება – გარკვეული დროით შეინარჩუნოს საგნის გამოსახულება. თვალის ამ თვისებას პერსისტენცია ეწოდება. თუ დროის შუალედში ორ მხედველობით შთაბეჭდილებას შორის 0,3 წმ-ს არ აღემატება, მაშინ ეს შთაბეჭდილებანი ერთმანეთს ერწყმიან და სახეს უცვლიან საგანს.

პერსისტენციის მოვლენის კვლევა მე-18 საუკუნის ბოლოდან დაიწყო.ამ გამოკვლევებისა და ცდების საფუძველზე ევროპაში მრავალრიცხოვანი ოპტიკური აპარატები და სათამაშოები შეიქმნა.


მე-19 საუკუნის 30-იან წლებისთვის კინემატოგრაფის ძირითადი კანონი, რომელზეც დაფუძნებულია კინოგადაღება, უკვე აღმოჩენილი და ჩამოყალიბებულია, ხოლო 1853 წელს პირველად ხდება “მოძრავი სურათების” ეკრანზე ჩვენება. ამისთვის ევროპელებს “ჯადოსნური ფარნის” გახსენება მოუწიათ. იგი უძველესი დროიდან იყო ცნობილი და წარმოადგენდა კამერას, რომელშიც იდგმებოდა სინათლის წყარო (მაგალითად, ზეთის ლამპარი). მისი სხივები გაივლიდა მინაზე დახატულ გამჭვირვალე სურათს, შემდეგ ლინზისებურ სისტემას და თეთრ კედელზე ბუნდოვან გამოსახულებას იძლეოდა.

წარსულში მივიწყებული “ჯადოსნური ფარანი” ხელმეორედ მე-16 საუკუნეში “გამოიგონეს”. სასულიერო პირები მას რელიგიური მსახურებისას იყენებდნენ. მისი კონსტრუქცია თანდათანობით უმჯობესდებოდა ტექნიკურ საშუალებათა განვითარებასთან ერთად. “მოძრავი სურათების” მაყურებელთა რიცხვის ზრდამ მკვლევრებს კვლავ გაახსენა “ჯადოსნური ფარანი”. მისი დახმარებით დახატული ფიგურები უკვე თეთრ ეკრანზე ამოძრავდნენ.

კინემატოგრაფის აღმოჩენამდე ერთი ნახტომიღა იყო დარჩენილი: საჭირო გახლდათ ოპტიკური აპარატების პრინციპის ფოტოგრაფიასთან მისადაგება, მაგრამ ამ ერთ ნახტომს თითქმის ერთი საუკუნე დასჭირდა.


ფოტოგრაფია დაგეროტიპიის სახელით 1839 წლიდან გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მაგრამ მას მხოლოდ უძრავი ობიექტების ააღბეჭდვა შეეძლო ლითონის ფირფიტაზე, რადგან გამოსახულების მისაღებად საჭირო დაშუქების ხანგრძლივობა ნახევარ საათს აღემატებოდა. პორტრეტის მისაღებად ადამიანი ამ დროის განმავლობაში უძრავად უნდა გაშეშებულიყო კამერის ობიექტივის წინ.

მხოლოდ მე-19 საუკუნის 60-იან წლებისათვის მიაღწია ფოტოგრაფიამ მიზანს – დაეჭირა გადასაღები ობიექტი მოძრაობაში.
იმ მკვლევართა რიგში, რომელთაც ღვაწლი მიუძღვით კინემატოგრაფის აღმოჩენაში, არ შეიძლება არ აღინიშნოს ამერიკელი მეცნიერის, “ყველა დროის უდიდესი გამომგონებლის” (როგორც მას ეინშტეინმა უწოდა), ედისონის სახელი.


მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ედისონი ინტერესდება “მოძრავი ფოტოგრაფიით” და თავის მოსწავლე უილიამ დიქსონთან ერთად იწყებს მუშაობას კინოკამერის შექმნაზე. ამ ცდების პროცესში კეთდება კინემატოგრაფიის დაბადებისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოგონება – ცელულოიდის ფოტოფირის ბაზაზე ედისონი ქმნის პერფორირებულ ფირს იმ სახით, რომლითაც დღემდე თითქმის უცვლელად შემორჩა. ფირის კიდეზე განლაგებული პერფორაციები აქამდე არსებული კინოაპარატების ბევრი ნაკლის თავიდან აცილების საშუალებას იძლეოდა – უზრუნველყოფდა ფოტოგრაფიის მაღალ ხარისხს, მოძრაობის ზუსტ დაფიქსირებას ფირის თანაბარი გადაადგილების მეშვეობით, აადვილებდა ნეგატივის ბეჭდვას.

ედისონისა და დიქსონის მიერ კონსტრუირებული აპარატი წარმოადგენდა ათწლეულით ადრე ედისონის მიერ გამოგონებული ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრაფის კინოკამერასთან გაერთიანების ცდას. ექსპერიმენტები უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ედისონი ევროპაში გაემგზავრა 1889 წლის მსოფლიო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. როდესაც ამერიკიდან დაბრუნებული ედისონი თავის ლაბორატორიას ესტუმრა, ჩაბნელებულ ოთახში ქაღალდის ფურცლის მეოთხედი ზომის ეკრანიდან მას თავად დიქსონი მიესალმა ქუდის მოხდით: “გამარჯობა, მისტერ ედისონ! ბედნიერი ვარ თქვენი ხილვით. ვიმედოვნებ, კმაყოფილი ხართ თქვენი კინეფონოგრაფით”. ამრიგად, 1889 წლის 6 ოქტომბერს ეკრანზე ნაჩვენები იყო პირველი ფილმი და ეს ფილმი ხმოვანი გახლდათ.

ედისონის კინეფონოგრაფი არა მარტო კინოგადამღები აპარატი იყო, მისი გამოყენება ფილმის ჩვენებისთვისაც შეიძლებოდა.


ათასობით გამომგონებელი ეძებდა ფილმის ეკრანზე ჩვენების საიდუმლოს და მათ თითქმის ერთდროულად მიაღწიეს მიზანს. ლუმიერების ნაცვლად კინემატოგრაფიის აღმომჩენის საპატიო სახელით ისტორიაში შესვლის თანაბარი შანსი ჰქონდათ ინგლისელ პოლს, ფრანგ ანრი ჟოლის, იტალიელ ფილოტეო ალბერინის, ამერიკელ ლე როის, გერმანელ სკლადანოვსკის… მათგან ზოგიერთის მიერ ორგანიზებულმა კინოსეანსებმა რამდენიმე კვირით დააგვიანა, დანარჩენები ხარისხითა და შინაარსით მკვეთრად ჩამორჩებოდა ლუმიერების კინემატოგრაფს, რის გამოც მსოფლიოში გამოძახილი ვერ ჰპოვა.

ლუმიერებიძმები ლუმიერების წამოწყების წარმატებას, ბუნებრივია, მხოლოდ მათ იღბლიანობასა და კომერციულ გამჭრიახობას ვერ მივაწერთ. ლუმიერების უმცროსმა ძმამ, ლუიმ მოგვცა ფირის წყვეტილად მოძრაობის პრინციპი და გრეიფერი, რომელიც ამ წყვეტილ მოძრაობას უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ლუმიერების აპარატს სხვა უდიდესი უპირატესობანიც გააჩნდა სხვა აპარატებთან შედარებით. ეს იყო მსუბუქი, კარგად კონსტრუირებული, პორტატიული აპარატი, რომელიც უბრალო სახელურების მეშვეობით მუშაობდა. იგი გამოიყენებოდა როგორც კინოკამერა, საპროექციო და პოზიტივების საბეჭდი აპარატი. ამ აპარატით აღჭურვილი კინოოპერატორი თან მთელ კინოფაბრიკას დაატარებდა და შეეძლო მისი გამოყენება ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. ლაბორატორიული გამოკვლევების ხანა სრულდება. იწყება კინემატოგრაფიის მეფობის ხანა. კინო სწრაფად იპყრობს ამერიკას, ინგლისს, მთელ ევროპას. 1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფის პრემიერა შედგა სანკტ-პეტერბურგში, ამავე წლის 26 მაისს – მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისში. რეპერტუარი ყველგან იგივე იყო. ლუმიერების ფილმები ძირითადად “საოჯახო ალბომის” პრინციპზე გახლდათ აგებული და მცირე ჩანახატებისაგან შედგებოდა. მაგრამ ეს რეპერტუარი საკმარისი არ აღმოჩნდა მოზღვავებული მაყურებლის ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. სიუჟეტების ძიებაში ოპერატორები მთელ მსოფლიოს მოედვნენ.

კინემატოგრაფის მამამთავრის ლუი ლუმიერის აზრით, კინოაპარატი მხოლოდ ცხოვრების რეგისტრაციისათვის იყო შექმნილი.

კინემატოგრაფი იმ პერიოდისთვის მხოლოდ ატრაქციონი, მასობრივი სანახაობა იყო. მას ხანგრძლივი და რთული გზა ედო წინ, სანამ ხელოვნების სხვა დარგთა შორის სრულფასოვან ადგილს დაიმკვიდრებდა.

————————————————————————–


1927 წლის 6 ოქტომბერს ნიუ იორკში კომპანია “Warner Brothers”-მა წარმოადგინა პირველი ხმოვანი ფილმი – “ჯაზის მომღერალი”. ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ჯაზის მომღერალი ელ ჯონსონი. მისი რეპლიკა, რომელმაც გახსნა ხმოვანი ფილმების ერა, ყველას თავში უტრიალებდა – “ასეთი თქვენ ჯერ არ გაგიგიათ” (Ain’t Heard Nothin Yet).

ჯაზის მომღერალი”, ალან რორსლანდის ფილმი, იყო პირველი კინო ლენტა, რომლის მუსიკა ჩაწერილი იყო გრამაფონის პლასტინკებზე და სინხრონიზირებული იყო გამოსახულებასთან.
ფილმს მოჰყვა დიდი წარმატება და კომპანიას მოუტანა შემოსავალი 3 500 000 დოლარის ოდენობით, რაც იმ დროს იყო საოცარი თანხა.
იმ ხანებში არავინ ხვდებოდა, თუ სადამდე მიიყვანდა ეს ტექნიკური ფოკუსი კინემატოგრაფიას. კინემატოგრაფისტების უმრავლესობა თვლიდა, რომ ეს სენსაცია მალე დაკარგავდა ინტერესს და ამით მორჩებოდა “კინორევოლუცია”.
თუმცა მუნჯი ფილმების უპირატესობა ხმოვანთან შედარებით გრძელდებოდა კიდევ ერთი წელი. მხოლოდ 1929 წელს ხმოვანი ფილმი გახდა უფრო პოულარული და მოთხოვნადი, ვიდრე მუნჯი ფილმები.
კინო სტუდიებს ჰქონდათ სუბიექტური მიზეზები, რის გამოც არ ენდობოდნენ ხმოვან ფილმებს. ხმოვანი ფილმების გადაღება ჯდებოდა ძვირი და კინო სტუდიები დარწმუნებულნი უნდა ყოფილიყვნენ, რომ დახარჯულ ფულს უპრობლემოდ ამოიღებდნენ. მუნჯი ფილმები პოპულარი იყო მთელ მსოფლიოში იმიტომ, რომ მოქმედება ხორციელდებოდა პანტომიმის საშუალებით. რამდენიმე ტიტრის გადათარგმნა არ იყო რთული, თუ ფილმს საზღვარგარეთ აჩენებდნენ. კინოსტუდიებს ეშინოდათ, რომ მაყურებელი არ მოიწონებდა ფილმებს, რომელიც მათთვის გაუგებარ ენაზე დაიწყებდა ლაპარაკს.
იყო ასევე ტექნიკური პრობლემები. პირველი ხმოვანი ფილმის კინოპროექტორი ატრიალებდა კინო ლენტას ცალკე და ხმოვანს ცალკე. ამიტომ იყო საშიშროება იმისა, რომ შემთხვევით ჩაერთოთ სხვა კინოლენტა. გადაღებებზე მიკროფონებს მალავდნენ კამერების უკან, მსახიობებს უხდებოდათ კამერებთან ახლოს მისვლა, რაც ცუდად აისახებოდა მსახიობების თამაშზე.
მსახიობებს შორის იყვნენ როგორც გმირები, ასევე უბედურებიც. მსახიობებს, რომლებსაც არ უვრაგოდათ ხმა, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ კინო. მაგალითად: ბასტერ კიტონი, გენიალური კომიკი, ვერ მიეჩვია ხმოვან კინოს და დაიკარგა ეკრანიდან. ბლანშ სვიტი, ასევე მუნჯი ფილმის ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც ვერ შეეჩვია ხმოვან ფილმს. 3 როლის შემდეგ წავიდა დიდი კინოდან.
ხმოვან ფილმს სჭირდებოდა თავისებური სტილი და შესრულება. ბერვი მუნჯი ფილმის ვარსკვლავი აღარ აკმაყოფილებდა ახალ სტანდარტებს. მეორე მხრივ, მომღერლებსა და მოცეკვავეებს გაეხსნათ ახალი შესაძლებლობები. 30-იანი წლები გახდა ჰოლივუდური ფილმების აღმავლობის ხანა. 20-იანი წლების ბოლო ამერიკის მთელი კინო ინდუსტრია მთლიანად გადბარგდა ლოს ანჯელესში.
3 წლის განმავლობაში ხმოვანი ფილმის წყალობით გაჩნდა ისეთი ჯანრები, როგორიცაა განგსტერული ფილმი, საშინელებათა ფილმი, ვესტერნი, სადაც პერსონაჟთა დიალოგს თან ახლდა ავტომატიდან სროლის ხმები, მანქანის მუხრუჭის და შემტევი ინდიელების ყვირილი.

Comments
Loading...