“კოალიციის დაშლა გამორიცხული არ არის”

“კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია”

ამ ორიოდე დღის ხნის წინ, “გაზპრომთან” დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ლადო პაპავას განცხადება სოციალურ ქსელში “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო ვახტანგიშვილმა გააზიარა და იქვე დასძინა – “მთლიანობაში ვეთანხმები ბატონ პაპავას”. არადა, “ეროვნული ფორუმი” როგორც თავადვე აღნიშნავენ, პოლიტიკური კონუნქტურიდან გამომდინარე, მიმდინარე პროცესების შეფასებისგან უკვე სამ წელზე მეტია თავს იკავებს და არც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს ეხმიანება. რატომ მიიჩნევს “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს საფრთხედ და რას ითხოვს კოალიციისგან, “კვირის პალიტრასთან” “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გორის მაშორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგიშვილი საუბრობს:

– არგუმენტები, რაც ლადო პაპავამ “გაზპრომთან” დაკავშირებით გაახმოვანა, ჩემთვის მისაღები და გასათვალისწინებელია – სტრატეგიული გაზსადენის გასხვისებაზე ლაპარაკი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება. არ ვამტკიცებ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ მხარესთან ამ საკითხზე საუბრობს, თუმცა მსგავს მსჯელობის დაწყებაც კი დაუშვებელია.

– “გაზპრომზე” ენერგეტიკის მინისტრის განამრტებები თქვენთვის მიუღებელია?

– ენერგეტიკის მინისტრთან ამ საკითხზე არ გვისაუბრია, თუმცა ლადო პაპავა საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალებზე მიუთითებს.

“ეროვნული ფორუმის” წევრები სამი წელია პოლიტიკურ პროცესებს , ფაქტობრივად, არ ეხმაურებით და არც პარლამენტში აქტიურობთ. თქვენი გააქტიურება საარჩევნო სიებზე დაწყებულ აჟიოტაჟს ხომ არ უკავშირდება?
– ამაზე საუბარს ნუ ვიჩქარებთ. კოალიციაში ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად მოგვიწევს. თავის დროზე, გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გაერთიანდა, მიზანს მათი დამარცხება წარმოადგენდა, რასაც მივაღწიეთ კიდეც.

– ანუ, ახლა კოალიციასთან გაერთიანების მიზეზი თქვენთვის არ არსებობს და ის უნდა დაიშალოს?
– უნდა გავარკვიოთ, საით მივდივართ და რა გვინდა. კოალიციამ ახალი ამოცანები უნდა დაისახოს. კოალიციის დაშლა გამორიცხული არ არის, მაგრამ ვერაფერს დავადასტურებ. ყველაფერი იმაზე დამოკიდებული, რა საკითხებზე შევთანხმდებით.

– კვოტებს ითხოვთ?
– ამ თემაზე საჯაროდ არ ვილაპარაკებ. არა მგონია, ეს გამართლებული იყოს, კოალიციაში ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ 6-7 დეპუტატი გავიყვანოთ, არასწორია.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)
kvirispalitra.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.