კობახიძე ელისაშვილსა და ფერაძეზე: სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ელისაშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის ხელს უწყობდა ყოფილ მერს გიგი უგულავას გარკვეული პროექტების განხორციელებაში.

ამასთან, კობახიძე 2010-2012 წლებში საკუთარ საქმიანობას იხსენებს და აცხადებს, რომ ის ჩართული იყო პოლიტიკურ ბრძოლასა და ოპონირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ.

„ყოველთვის გამოვხატავდი ჩემ პრინციპულ პოზიციას. ყოველთვის ვიყავი ჩართული სამოქალქო აქტივობებში, დაწყებული აქციებითა და მიტინგებით, დამთავრებული სხვა ფორმებით. მათ შორის, უნივერსიტეტში, სადაც მე ვასწავლიდი წლების განმავლობაში, მკაფიოდ ვაფიქსირებდი ხოლმე პოზიციას. შეგახსენებთ, 2010 წელს, მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელმაც გააპროტესტა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც შეიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს კონსტიტუციაში. ამის გამო, დავისაჯე კიდეც და მაშინ, როდესაც ელისაშვილი ახორციელებდა „ნაცმოძრაობის“ პროექტებს, მე გამომაგდეს უნივერსიტეტიდან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა, არსებული რეჟიმის შესაცვლელად მაქსიმუმს აკეთებდა.

„2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც დაფუძნდა „ქართული ოცნება“, აქტიურად ვიყავი ჩართული. ეს იყო ის დრო, როდესაც ალეკო ელისაშვილი განაგრძობდა „ნაცმოძრაობის“ პროექტების განხორციელებას. მაშინაც მთელი აქტიურობით ვიყავი ჩართული „ქართული ოცნების“ აქტივობებში და მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ის რეჟიმი შეცვლილიყო, რომელიც იყო ჩამოყალიბებული და რომლის შეფუთვასაც ელისაშვილი, ნატა ფერაძე და მათი თანამოაზრეები ემსახურებოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, სატელევიზიო სივრცეში ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა მალე „აღიკვეთება“.

„დღეს, ის, რაც ხდება ჩვენთან – იგივე, სატელევიზიო სივრცეში ნატა ფერაძის, ალეკო ელისაშვილის სახით, არის ერთ-ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო კულტურის განვითარების ძალიან დაბალ დონეზე. ვითარება ძალიან მალე შეიცვლება და სატელევიზიო სივრცეში ძალიან მალე აღიკვეთება ბილწსიტყვაობა და სიძულვილის ენა“, – განაცხადა კობახიძემ.

ალეკო ელისაშვილმა კობახიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, არ ახსოვს ელისაშვილის აქტიურობა გიგი უგულავას მერობის პერიოდში, ბოდიშის მოხდა დღეს მოითხოვა.

ამასთან, ელისაშვილმა მოითხოვა, თავად კობახიძეს განემარტა, რას აკეთებდა 2012 წლამდე.

Comments
Loading...