სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, დღეს პირველ სხდომას მართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომის დასაწყისში, კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებული პროცესი განმარტა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე კომისიაში წარმოდგენილი ინიციატივები განიხილება, რის საფუძველზეც, მეორე სხდომისთვის, რომელიც დაახლოებით, ერთ თვეში გაიმართება, უკვე მომზადებული კონკრეტული კანონპროექტი იქნება წარდგენილი. მესამე რაუნდის სხდომებზე კი, რომელიც მარტის შუა რიცხვებში გაიმართება, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით, რედაქციული დისკუსია შედგება.
„ამის საფუძველზე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მომზადებული დოკუმენტი, კონსტიტუციური კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარვუდგინოთ, რის შემდეგაც საყოველთაო-სახალხო განხილვა და შემდეგ, უკვე საპარლამენტო მოსმენები დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კომისია მუშაობის დასრულებას აპრილის ბოლომდე შეძლებს, რაც პარლამენტის დადგენილებითაა გათვალისწინებული, შესაძლებელი იქნება ამ სესიაზე კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება.
„ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ წლის ბოლომდე უკვე რეფორმაზე მუშაობა დავასრულოთ. ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი პროცესი ამ ვადებში მოქმედების შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია, რომ შევქმნათ მაღალი ხარისხის დოკუმენტი და ეს დოკუმენტი მაქსიმალურად ფართო ჩართულობისა და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე შევიმუშაოთ. თუ ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული აპრილის ბოლომდე, ასეთ შემთხვევაში, არაფერი უდგას წინ კომისიის უფლებამოსილების ვადის გააგრძელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში, ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.