პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენის საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დადგება.
ჟურნალისტებთან საუბარში, კობახიძე უმცირესობის მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის, რაც ლარის კურსთან დაკავშირებით ხდება, სწორედ საგარეო ფაქტორების დამსახურებაა. მისი თქმით, საგარეო ფაქტორები ლარის კურსზე პირდაპირ ზემოქმედებს.
„ეს რეგიონული კონტექსტია. სავაჭრო პარტნიორების ვალუტების კურსის დევალვაცია ჩვენი ვალუტის კურსის დევალვაციას პირდაპირ განაპირობებს. ეს ყველაზე სამწუხარო მოვლენაა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ გარე ფაქტორების მიუხედავად, სტაბილური კურსი შეინარჩუნოს.
ოთხპუნქტიანი გეგმა სწორედ ამას ემსახურება, რომელიც საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარებას გულისხმობს.
რაც შეეხება მინისტრების დაბარებას, ლარის კურსთან დაკავშირებით კითხვები და არაერთი მსჯელობა გვქონდა, რაზეც მთავრობის მოსაზრება მოვისმინეთ იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რომელიც ლარის კურსის დევალვაციას განაპირობებს. მთავრობის პოზიცია დამაჯერებელი იყო. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ასეთი ინიციატივა დღეს არ დადგება, თუმცა, მოვლენების დაკვირვებას ვაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში, სამთავრობო გუნდის წევრებთან დამატებითი კონსულტაციები გვექნება“, – დასძინა კობახიძემ.
საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში ეკონომიკური დარგის მინისტრების მისვლას ითხოვს.