კობახიძე: პირობას ვდებ, რომ ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად შეფასებული პროექტი პარლამენტში არ მიიღება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირობას დებს, რომ კონსტიტუციის პროექტის თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული, პარლამენტში არ მიიღება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, შედეგი დაიდოს, რის გამოც, მუშაობისთვის კომისიის ყველაზე ადკვატური ფორმატი შეიქმნა.

“მთავარი ამოცანაა, კომისიის მუშაობა ეფექტურად წარიმართოს. ამ შედეგზე, მე როგორც კომისიის თავმჯდომარე, პასუხისმგებლობას ავიღებ. გარდა ამისა, პასუხისმგებლობა ავიღე თავად დოკუმენტის შინაარსზე. ახლავე შემიძლია დავდო პირობა, რომ კონსტიტუციის პროექტის თუნდაც ერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული, პარლამენტში არ იქნება მიღებული“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იქნება.

როგორც კობახიძემ განმარტა, კომისიის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები, კონსტიტუციური ორგანოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

კომისია მუშაობას მიმდინარე წლის ბოლომდე შეუდგება, ხოლო კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს მომავალი წლის 30 აპრილამდე შეიმუშავებს, რის შემდეგაც, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა და საპარლამენტო მოსმენები დაიწყება.

Comments
Loading...