კობახიძე: სამი თანათავმჯდომარის არსებობა საკონსტიტუციო კომისიაში, თუ ნებისმიერ ორგანოში შეუძლებელია

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საკანონმდებლო ორგანო არც ერთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებას არ მიიღებს, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად იქნება შეფასებული.

სპიკერმა საკონსტიტუციო კომისიის მომავალ საქმიანობაზე პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტი წარადგინა.

კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ვენეციის კომისიასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან ამბიციური განაცხადი გააკეთა და აღვნიშნა, რომ ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად შეფასებული ერთი ნორმაც თუ იქნება, ამ ნორმას არ გაიტანენ.

„პარლამენტი ასეთ ნორმას არც ერთ შემთხვევაში არ დაამტკიცებს. რაც შეეხება ფორმატს, სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში თუ ნებისმიერ ორგანოში შეუძლებელია. როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი განიხილებოდა, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი კომისიაში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი იყო. მსჯელობა გვქონდა იმის შესახებ, თუ რა ფორმატი იქნებოდა ყველაზე სწორი შედეგის დადგომის თვალსაზრისით და შემოგთავაზეთ ფორმატი, რომელიც არის წარმოდგენილი დადგენილების პროექტის სახით.

ჩვენი არგუმენტები არის სამართლებრივი ხასიათის და ასევე პრაქტიკული ხასიათის. პრეზიდენტი გვთავაზობდა ფორმატს, რომლის შესაბამისად, ინიციატივა პარლამენტიდან გადადიოდა პრეზიდენტისკენ. ეს იყო ამ ინიციატივის ძირითადი არსი. პარლამენტის წევრების დიდი ნაწილი იურისტები ხართ და მოგეხსენებათ, რომ სამი თანათავმჯდომარის არსებობა კომისიაში, თუ ნებისმიერ ორგანოში არის შეუძლებელი”, – განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, პირველ სხდომას სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე გამართავს. კომისია იმავე ფორმატის იქნება, რა ფორმატითაც ის სამი წლის წინ შეიქმნა.

კომისიის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საპარლამენტო ასევე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და კონსტიტუციური ორგანოს წარმოდგენლები, სამოქალაქო სექტორი და ექსპერტები.

Leave A Reply

Your email address will not be published.