კობახიძე: ვიღაცის სუბიექტურ პოლიტიკურ ნებაზე რომ იყოს საუბარი, კონსტიტუციას არ შევეხებოდით

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, კონსტიტუცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების დაბალანსების მიმართულებით გადასახედია.

„არცერთი წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილება ჩვენ არ გვაქვს. ყველაფერი უნდა იყოს განხილული ფართო ჩართულობის საფუძველზე იმ ფორმატში, რომელიც არის დღეს შემოთავაზებული. სწორედ განხილვებისა და მსჯელობის საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ კონკრეტულ დებულებებთან დაკავშირებით. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის არჩევის წესი, პარლამენტის არჩევის წესი და სხვა საკვანძო დებულებები, რომლებიც ჩვენ გვხვდება კონსტიტუციაში“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარი ამოცანა კონსტიტუციის კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად გადასინჯვაა და არა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები.

„აქ რომ იყოს საუბარი ვიღაცის სუბიექტურ პოლიტიკურ ნებაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებაზე, ჩვენ საერთოდ არ შევეხებოდით საქართველოს კონსტიტუციას. თუ საუბარია სუბიექტურ პოლიტიკურ ინტერესებზე, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა თავისუფლად გავაგრძელოთ არსებული კონსტიტუციითაც. ჩვენი მთავარი ამოცანაა კონსტიტუციის დახვეწა. კონსტიტუცია საჭიროებს დახვეწას და სწორედ ამ მიზნით იმუშავებს კომისია“ , – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კონკრეტულ ნორმებსა და დებულებებზე საუბრისგან ირაკლი კობახიძემ თავი შეიკავა, თუმცა, პოზიცია დააფიქსირა კონსტიტუციის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ეხება.

„რაც შეეხება 81-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს უნდობლობის გამოცხადებას და ძალიან გართულებულ პროცედურას, ეს აუცილებლად საჭიროებს გადახედვას, დახვეწას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი, რომელიც ნეგატიურად აისახება პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, უნდობლობის გამოცხადების პროცედურა არის აუცილებლად დასახვეწი. ამაზე მე, როგორც ექსპერტს, თავის დროზე, მქონდა ძალიან მყარი პოზიცია, ჩამოყალიბებული და ამ პოზიციაზე ბუნებრივია, ვრჩები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო : ipress.ge

Comments
Loading...