კობიაშვილი: ცხადაძეს მილიონნახევრის 50%-ს და ბონუსებს ვთავაზობდით, რაზეც უარი განაცხადა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულების პირობები განმარტა.

კობიაშვილის თქმით, ფეხბურთის ფედერაცია კახა ცხადაძეს ფიქსირებულად არსებული ხელფასის 50%-სა და ბონუს სისტემას სთავაზობდა, რაზეც კობიაშვილის თქმით, ცხადაძემ კატეგორიული უარი განაცხადა.

„ფეხბურთის ფედერაციამ და პირადად მე, კახა ცხადაძეს დღეს არსებული თანხების 50%-ის ფიქსირებული, ხოლო დანარჩენი 50%-ის ერთიანად გადახდა შევთავაზე, იმ შედეგის მიღწევის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში მესამე ადგილს გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მეორე ადგილზე გავიდოდა, ასევე, მთლიანი თანხის 50%-ის გადახდა იგეგმებოდა“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, 2015 წლის აპრილში, ე.წ. უხელფასო პერიოდში, ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ცხადაძეს 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, უპროცენტო სესხი გაუფორმა.

„100 ათასი დოლარი მიიღო ცხადაძემ და ყოველთვიურად ეჭრებოდა თანხა. დღევანდელი მოცემულობით დარჩენილი აქვს 50 ათასი დოლარი. მე შევთავაზე ამ დარჩენილი 50 ათასი დოლარის განულებაც“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არსებული ხელშეკრულების მიხედვით, კახა ცხადაძის ფინანსური ანაზღაურება წელიწადში მილიონნახევარ ლარს შეადგენს.

„ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთის ფედერაცია კახა ცხადაძეს წლიურად დაახლოებით, მილიონნახევარ ლარს უხდის. თუ გადავთვლით დარჩენილ ორ წელიწადს, გამოდის სამი მლნ ლარი. ამასთან, მის სამწვრთნელო შტაბს, ანუ სხვა მწვრთნელებს ფედერაცია ყოველწლიურად, 800 ათას ლარს უხდის, რაც ორ წელიწადში ერთი მლნ 600 ათასი ლარია. ეს არის ის თანხა რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ხელშეკრულებით არის გაწერილი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან კახა ცხადაძის გათავისუფლებას გეგმავს, რომლისთვის ის, აღმასკომის სხდომას მოიწვევს.

კობიაშვილის თქმით, მასა და კახა ცხადაძეს შორის დაპირისპირება ცხადაძის სახელფასო ანაზღაურების გამო მოხდა.

Comments
Loading...