“კოკა-კოლა”, “ბორჯომი” და “კასტელ ჯორჯია” პარლამენტს უჩივიან

“კოკა-კოლამ”, “ბორჯომმა”, “წყალი მარგებელმა” და “კასტელ ჯორჯიამ” ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

სარჩელის ავტორები “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებსა და “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი ნორმატიული აქტები არაკონსტიტუციურია.

როგორც არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი კახა მაღრაძე აცხადებს, არსებული გადაწყვეტილებით ბიზნესი დისკრიმინაციულ მდგომარებაშია.

„ბიზნესი ამ შემთხვევაში კომპანიების ხედვით და ჩვენი ხედვით დისკრიმინაციულ მდგომარებაშია, იმიტომ, რომ ეს რეგულაცია არ ვრცელდება ზოგადად ქართულ ბიზნესზე და ქართულ ინდუსტრიაზე, არამედ მხოლოდ, რატომღაც არაალკოჰოლურ სასმელებზე. არადა ეს ყველაფერი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების კანონის მიმართულებით გაკეთდა“, – აცხადებს კახა მაღრაძე “რუსთავი 2″–თან საუბრისას.

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა-დარღვევის გარდა, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი დისკრიმინაციულია იმდენად, რამდენადაც ის ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებლებს ეხება და მათთვის სრულიად უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს წარმოშობს.

Comments
Loading...