„კომუნისტური რეჟიმის პერიოდამდე ეკლესიაში ხდებოდა ჯვრისწერის იურიდიული ფიქსაცია“

უკვე მერამდენედ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯვრისწერას შესაძლოა, იურიდიული ძალა მიენიჭოს. ამჯერად ეს ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის და მისი განხილვა 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. მართალია, მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი კანონპროექტი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო ამაზე მსჯელობა. იმხანად გახმიანდა, რომ ჯვრისწერის მოწმობის ოფიციალურ დოკუმენტად აღიარება სამთავრობო კომისიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობით, ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ გააჩნია და ამისთვის სამოქალაქო წესით დაქორწინებაა აუცილებელი. შესაბამისად, იმ წყვილებს, რომლებიც რელიგიურ ქორწინებაში იმყოფებიან, თანაცხოვრების დასრულების შემდეგ სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი არ წარმოეშობათ. ასევე, ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შემთხვევაში, მეორეს არ წარმოეშობა ქონებრივი უფლებები. ყველაზე მთავარი კი ისაა, თუ წყვილი სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფება, ბავშვის მამობის აღიარების საკითხიც რთულდება.

მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ, თუკი ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭება, ოჯახები ნაკლებად დაინგრევა. ზოგიერთები კი ფიქრობენ, რომ ჯვრისწერა ეკლესიის საიდუმლოებაა და მთავრობას მასში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

მაგალითად, შვედეთში საეკლესიო აღრიცხვის დიდი ტრადიციაა. ორ საუკუნეზე მეტია, იქ საეკლესიო ჯვრისწერა სავალდებულოა და ეს იმდენადაა გამჯდარი მათ ტრადიციაში, რომ სამოქალაქო რეგისტრაციაში წყვილს ისე არ გაატარებენ, თუკი საეკლესიო ქორწინებაში არ იმყოფებიან.

საქართველოში კი კომუნისტების პერიოდიდან ეკლესიაში წყვილთა აღრიცხვიანობის სისტემა მოშლილი იყო და ახლაც, თუკი ეს საკითხი ძალაში შევიდა, სავარაუდოდ, ეკლესიაში ჯვარდაწერილთა აღრიცხვიანობის ახალი ათვლა დაიწყება. საქმეს ართულებს ისიც, დაეკარგება თუ არა მმაჩის ბიუროებს ძალა, თუ პარალელურ რეჟიმში იარსებებს?!

მამა დავით ისაკაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კომუნისტური რეჟიმის პერიოდამდე სწორედ ეკლესიაში ხდებოდა ჯვრისწერის იურიდიული ფიქსაცია, რასაც მაშინდელი სახელმწიფოებრივი კანონებიც აღიარებდა. ამდენად, დღესაც, თუკი ეკლესიაში ჯვრისწერის იურიდიული ძალა აღდგება, ეს ძალიან კარგი იქნება.

„წინათ მსგავსი დოკუმენტაცია ეკლესიაში ქრონოლოგიურად ინახებოდა და პირადადაც ჰქონდათ წყვილებს ჯვრისწერის იურიდიული საბუთები. თუ ვინმე ამას არ აკეთებდა და ეკლესიის გარეშე ჯვრის დაუწერლად ცხოვრობდა, ეს მათი პრობლემა იყო. თუმცა დღეს ჯვრისწერისთვის იურუდიული ძალის მინიჭება ცოტა გართულდა, რადგან არსებობს კონკორდატი- შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ვინც ქრისტიანი არ არის, არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი და არ სურს ჯვრისწერა, მათ შეუძლიათ სამოქალაქო ქორწინების სახით დააფიქსირონ თავიანთი ურთიერთობა. ისედაც, თუ ადამიანი არ არის მართლმადიდებელი, ჯვარს ჩვენ ვერ დავწერთ. ანუ, ნებით თუ უნებლიეთ, მაინც მოხდება სამოქალაქო ქორწინება და ამას ვერავის დავუშლით“, – აღნიშნა მამა დავით ისაკაძემ.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, ცხადია, ეკლესიას სურს, მისი ჯვრისწერა ცნობილ იყოს სახელმწიფოს მიერ და, ვინც დაიწერს ჯვარს ეკლესიაში, მას აღარ დასჭირდეს სამოქალაქო ქორწინებისთვის ხელმოწერა. თუმცა შევხედოთ ამას სახელმწიფოს ინტერესებიდან, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ქორწინება, როგორც იურიდიული აქტი, რომელიც წარმოშობს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ქორწინება იურიდიული თვალსაზრისით.

„კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ჩანაწერი საკონსტიტუციო ხელშეკრულებაში ეკლესიასთან, რომ სახელმწიფო ცნობს ეკლესიის მიერ შესრულებულ ქორწინებას, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, ეკლესიაში რომ მიხვიდეთ და იკითხოთ, შარშან, 2015 წელს რამდენი ქორწინება იყო რეგისტრირებული თქვენს მიერ და რომელ წყვილს შორის, ამას ეკლესიაში ვერ გეტყვიან. ეკლესიას არ აქვს ერთიანი რეგისტრაციის სისტემა, რომ ნებისმიერ ნათლობასა და ქორწინებას გაუკეთოს აღრიცხვა. მე-19 საუკუნეში კი უძლიერესი მართლმადიდებელი ეკლესია გვქონდა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული სახელმწიფოსთან და რუსეთის იმპერიის ნებისმიერ სოფელში ნებისმიერი ქორწინება საერთო რეესტრში აღირიცხებოდა. დღეს მოდის წყვილი და გაჩვენებს სიფრიფანა საბუთს, რომლითაც, კაცმა არ იცის, მართლა შედგა თუ არა ჯვრისწერა და შეუძლია თუ არა ამით იხელმძღვანელოს სასამართლომ. თუკი ეკლესიაში აღრიცხვიანობის სისტემა არ იქნა, ხომ შეიძლება თაღლითმა თქვას, ეკლესიაში ჯვარი მაქვს დაწერილიო? მაგალითად, მე ჯერ სამოქალაქო წესით მოვაწერე ხელი, ერთი თვის შემდეგ ეკლესიაში დავიწერე ჯვარი.

თუკი აღარ დაგვჭირდება ორმაგი წვალება, შეიძლება მარტო ეკლესიაში წავიდეთ, მაგრამ სამაგიეროდ, ეკლესიას ექნება მეტი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ. დღეს შეიძლება ჯვარი დავიწერო და არც მინდოდეს, რომ ეს ოფიციალურად იყოს აღიარებული. ამიტომ ეკლესიაში აღრიცხვიანობა უნდა მოწესრიგდეს“, – აღნიშნა ლევან აბაშიძემ და განმარტა, რომ, თუკი ეკლესიაში ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭება, მართლმადიდებელი ეკლესიის მაგალითს სხვა კონფესიებიც მიბაძავენ.

წყარო:for.ge
მანანა ნოზაძე

Comments
Loading...