კონკურენციის სააგენტო თბილისის თამბაქოს მიერ კანონის შესაძლო დარღვევას სწავლობს

თბილისი (GBC) – კონკურენციის სააგენტო “დუთი ფრი“ მაღაზიების ბაზარზე არსებულ ვითარებას სწავლობს. არის თუ არა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მფლობელი კომპანიების მიმართ არათანასწორი მოპყრობის ფაქტები, საკითხის გასარკვევად ბაზრის მარეგულირებელს 3-დან 10 თვემდე ვადა აქვს. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, საკითხზე მოკვლევა 13 ნოემბერს დაიწყო. მიზეზი “დუთი ფრი ჯორჯია“-ს საჩივრი გახდა, რომელიც აცხადებს, რომ „თბილისის თამბაქო“-ს მიერ კონკურენციის კანონის დარღვევა ხდება და “დუთი ფრი“ მაღაზიების მფლობელთა მიმართ არათანასწორი მოპყრობას აქვს ადგილი. დამატებით განმარტებებს “დუთი ფრი ჯორჯია“-ში არ აკეთებენ. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ საქმის მოკვლევა მიმდინარეობს და სურთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მხრიდან ობიექტური გამოძიების შესაძლებლობა, ამიტომ განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. შეგახსენებთ, „თბილისის თამბაქო“ წარმოადგენს თამბაქოს პროდუქციის წამყვან მწარმოებელს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ცნობილი ბრენდი “პირველი” შედის ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდვად სიგარეტის ბრენდთა სამეულში. “დუთი ფრი ჯორჯია“ კი, საქართველოს მასშტაბით 5 მაღაზიას ფლობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.