კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობით თბილისის მერი უკმაყოფილოა

კონტრაქტორი კომპანიების ნაწილის მუშაობით თბილისის მერი უკმაყოფილოა. როგორც დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ნაკისრი ვალდებულებები სათანადოდ რომ შესრულდეს, ამისთვის მერია კონტროლს გაამკაცრებს.
„ჩვენ დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში გავაძლიერებთ ზედამხედველობას. ისევე როგორც კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვას, ასევე სპეციალურ დამატებით ზედამხედველობას დაექვემდებარებიან. გზებთან მიმართებაში ეს იყო ორი-სამი კომპანია, რომელსაც შეექმნა მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები. ასევე კომუნიკაციების სამუშაოების კომპანიები, რომელთაც უზიანდებათ კომუნიკაციები ან დამატებით აქვთ გასაყვანი და ჩვენგან იღებენ ნებართვას. იქნება როგორც ფინანსური ასევე ადმინისტრაციული სანქციები. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ზედამხედველობას მოეკიდებიან ამას შესაბამისი სერიოზულობით ან მათზეც გავრცელდება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...