„კრიზისი ისევ გაგრძელდება, არჩევნების შემდეგ კი, უფრო გამწვავდება“

სამართლებრივი მიმართულება, ქვეყნის ეკონომიკა და საგარეო ურთიერთობა – ეს არის ის სამი მთავარი გზავნილი, რომლის გარშემო „ქართული ოცნება“ გეგმავს ახალი გუნდის შეკვრას. შეძლება თუ არა „ოცნების“ ახალი საპარლამენტო გუნდი მაქსიმალურად გაართვას თავი ამ პრობლემას, ეს თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი, როდესაც გასაჯაროვდება „ქართული ოცნების“ ახალი საპარლამენტო სია.

რამდენად შეძლებს „ოცნება“ ახალი გუნდის ფორმირებას და შეძლებს კი ამომრჩეველის დარწმუნებას, რომ ახალი გუნდი იქნება უკეთესი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ექსპერტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: უმრავლესობის საპარლამენტო სია რომ გადახალისებას საჭიროებს, ეს ფაქტია. გეთანხმებით, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი დაბალია. ფაქტია ისიც, რომ ეს რეიტინგი ნელ-ნელა იკლებს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საჭიროა გუნდის გადახალისება, როგორც საპარალამენტო, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურებში.

…გუნდის გადახალისება ისე, რომ ამომრჩეველი დარწმუნდეს ახალი გუნდი იქნება უკეთესი, ვიდრე ძველი გუნდი, მაგრამ შეძლება კი ამას მმართველი ძალა?

– ახალი გუნდის შერჩევა უნდა მოხდეს პროფესიონალებით და რაც მთავარია, რამდენად ცნობადია ეს ადამიანები საზოგადეობისთვის. შეიძლება ძლიერი პროფესიონალი იყოს, მაგრამ ამომრჩეველი მას არ იცნობდეს. შესაბამისად, ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“ ამომრჩეველის დარწმუნება, რომ ეს კადრები საქმეს გააკეთებენ. რთული პროცესია, საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“ არა იმდენად პროფესიონალების მოძებნებაში, არამედ ამომრჩევლის დარწმუნებაში. უნდა შეიქმნას ისეთი გუნდი, რომელიც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის და რაც მთავარია, მისაღები.

პარლამენტში, მმართველი გუნდი რომ პროფესიონალი კადრების დაფიციტს განიცდის, ამას თავად გენერალური მდივანი ადასტურებს, მაგრამ ცნობილი ხდება, რომ დეპუტატები, რომლებიც ვერ მოხვდებიან „ქართული ოცნების“ საარჩევო სიაში, გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან ბიზნესში. თუ სპორტსმენებით, მომღერლებით და მსახიობებით დაკომპლექტებული პარალამენტი არ გვინდა, მაშინ რატომ უნდა გვინდოდეს ამ გუნდით დაკომპლექტებული ხელისუფლება? ამ ნაბიჯით რას ცდილობს „ქართული ოცნება“?

– არ მოგონია, რომ ასეთი მასიური გადაბარგება მოხდეს პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა ცალსახად აუწყა დეპუტატების იმ ნაწილს, რომლებიც ვერ მოხვდებიან საარჩევნო სიაში, რომ გადავლენ ბიზნესში და ამის შესაძლებელობა აქვს. ივანიშვილის ადგილას ამ ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ შევთავაზებდი აღმასრულებელ ხელისუფლებას, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის ის ადგილი, სადაც ვიღაცეებმა თავიანთი ბედი უნდა მოსინჯონ.

როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილი იქნება – სამართლებრივი მიმართულება, ეკონომიკური და საგარეო ურთიერთობა. თუ გავითვალისწინებთ იმ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარებას, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, შეძლებს „ოცნება“ ისეთი გუნდის შეკვრას, რომელიც მაქსიმალურად გაართმევს თავს ამ პრობლემას?

– როგორი პრიორიტეტებიც არ უნდა დასახოს ქვეყანამ, სანამ სახელმწიფო არ იქნება დემოკრატული პრინციპებზე აწყობილი და არ მოხდება სახელმწიფო სტუქტურების რეფორმირება, მანამ ეს დაპირებები დაპირებებად დარჩება. შეიძლება ცოტა უკეთესი ვითარება იყოს, მაგრამ გაგვიჭირდება იმ ჭაობიდან ამოსვლა, რა ჭაობშიც ქვეყანა წლებია იმყოფება. კრიზისი ისევ გაგრძელდება, არჩევნების შემდეგ კი, უფრო გამწვავდება.

ექნება „ქართულ ოცნებას“ ისეთი პოლიტიკური რესურსი და მხარდაჭერა საზოგადოებიდან, რომ ეს სახელმწიფო რეფორმები დროულად განახორციელოს?

– ვერ გეტყვით, ეს უნდა გაკეთებულიყო 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მაგრამ არ გაკეთდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ვერ ვიტყვი, რომ პრიორიტეტების ცალკე წამოწევა რაიმე ეფექტს მოგვიტანს. არ ვიცი რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი, რომ ამან ეკონომიკის სწრაფ აღმავლობას შეუწყოს ხელი. როდესაც ივანიშვილი ამბობდა, რომ სამ წელიწადში ქვეყანას სწორ გაზე გავიყვანო, მაშინაც ვამბობდი, რომ ქვეყანა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, რომ ვერ შეძლებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას-თქო.

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო იმედის შექმნაც კი, რომ აი ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და სწორი გზით მივდივართ. როგორ შეძლებს მომავალი სამი წლის განმავლობაში რეალურად ააღორძინოს ქვეყანა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამიტომ, ძალიან მაშინებს ეს პროცესები. „ქართულ ოცენებას“ სჭირდება დეტალური ანალიზი, მიხვდეს რა არის გასაკეთებელი და რა პრიორიტეტებია დასასახი. ქვეყნის მოწყობის და განვითარების ახალი კონცეფცია უნდა შესთავაზოს საკუთარ ამომრჩეველს.

შეძლებს კი ამას „ქართული ოცნება“?

– ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იქნება გარანტი იმისა, რა მდგომარეობაში ავღმოჩნდებით შემდეგი ოთხი წელი. გულწრფელად, რომ გითხრათ დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას მაინც მიიღებს, მაგრამ დარწუმენუბული არ ვარ, რომ შემდეგი ოთხი წელი იქნება სტაბილური და უკეთესი. აი ეს მაშფოთებს და ამიტომ მგონია, რომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ. ჩვენს საგარეო ურთიერთოებებს და ეკონომიკას, რომ შეხედავთ ამ მიმართულებით, ხელის გულზე დევს პრობლემები, მაგრამ როგორ აპირებს ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას, ეს არ ვიცით.

ჩემი აზრით, უნდა დაიწყოს სახელმწიფო რეორგანიზაცია, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემას მოხსნის. უნდა შევთანხმდეთ რა სახელმწიფოში გვინდა ვიცხოვროთ, თუ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ უნდა მოხდეს არა მარტო კონსტიტუციის, არამედ მთლიანად პოლიტიკური სივრცის მოწესრიგება. თუ გვინდა, რომ ეს მახინჯი სისტემა დარჩეს, რომელიც ამ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო, მაშინ ეს უკვე სხვა საკითხია.

for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.