კუდ-ის სპეცჯგუფები ქართულ და ოსურ სოფლებში ღამღამობით სროლას ტეხდნენ, თითქოს ქართველებს ოსები ესროდნენ და ოსებს – ქართველები

დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომი საკაშვილმა დაიწყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ომი საქართველომ დაიწყო, რადგან საქართველო და სააკაშვილი ერთი და იგივე არ არის!

„ჩვენ ახლახან მივიღეთ ნებართვა, გამოვიძიოთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაული. როგორც ჩემი ოფისი აფასებს, შესაძლო დანაშაულის ჩადენის მომენტში სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიძიოთ საქართველოში ჩადენილი დანაშაული, მათ შორის სამხრეთ ოსეთში. ჩვენი მიზანია, მოვძებნოთ ჩადენილ სისხლის სამართლის ყოველ კონკრეტულ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები. მხოლოდ მტკიცებულებები მიგვიყვანს ინდივიდუალურ პირებამდე. ამ პირებზე მოვითხოვთ დაპატიმრების ორდერის გაცემას. ეს შეიძლება იყოს ერთი პირი ან ერთზე მეტი, – განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ.

ნახეთ, ბენსუდა სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად მოიხსენებსო, – მის ამ სიტყვებს მყისვე ზემნიშვნელობა მიანიჭა დაუვარცხნელი აზრების მფრქვეველმა ე.წ ქართულმა პოლიტელიტამ.
როცა ქალბატონ პროკურორს, ისევე როგორც მაღალი რანგის სხვა უცხოელ პირებს ვიღაც საკუთარი შეხედულებისამებრ ახვედრებს სასურველ მომჩივნებს, მოწმეებსა თუ მეხოტბეებს, დიდ ვერაფერს სამართლიან გამოძიებას ჩაატარებს და ვერც სამართლიან ბრალს დასდებს ვინმეს.
რატომ სძულს ყველას ასე საშინლად სიმართლე?
ხომ ფაქტია – სანამ არ ვისწავლით სიმართლის თქმას, ყველაფერზე მისი კუთვნილი სახელის დარქმევას, ჩადენილი დანაშაულის აღიარებას და გულწრფელი ბოდიშის მოხდას, საქართველო ვერ გაერთიანდება, არ დაგვიბრუნდება არც აფხაზი და არც ოსი ძმა!
ხომ საერთო ოჯახად ვთვლიდით და ვთვლით (ვინც არ თვლის, მის გასაგონად არ ვამბობთ) საქართველოს საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქე განურჩევლად ეროვნებისა, წარმომავლობისა, კუთხურობისა, შერეული ქორწინებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და ა.შ მაშ, ოჯახში მაინც ვთქვათ ის სიმართლე, რაც, ერთის მხრივ, შვებას მოუტანს დანაშაულის შეგრძნების მქონე ადამიანებს, მეორეს მხრივ კი ერთგვარ მალამოდ მოედება გულ და სულნატკენ ადამიანებს.

სისხლი? – აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების სისხლი ორივე მხარეს იმდენი დაიღვარა, მისი აწყვა ყოვლად შეუძლებელია. ომმა არც ბავშვის დანდობა იცის, არც ქალის, მოხუცის, პირტიტველა დამნაშავისა თუ მხცოვანი ბრძენისა, მსხვერპლი დევს რამდენიმე ადამიანის აგრესიულად მკვახე გონებაში მომწიფებულ ქმედებას, შეიარაღებულ თავდასხმას…
ფატუ ბენსუდას ოფისს თუ სიმართლის გარკვევა და ომის დანაშაულში დამნაშავე პირის ან პირთა გამოვლენა მართლა აინტერესებს, თანმიმდევრობით მიჰყვეს 2008 წლის აგვისტოს ომის წინმსწრებ და მიმდინარე მოვლენებს, ამოაღებინოს კადრები, რომელიც შენახულია, როგორც ტელევიზიებში, ისე, რიგითი მოქალაქეების პირად არქივებში…
სწორედ ომის დანაშაულში დიდი წვლილის შემტანმა, მაგრამ შეშინებულმა პირთა ჯგუფმა შემოაგდო ფორმულირება, „ომი საქართველოს არ დაუწყია“ და ყველა ვთანხმდებით, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია. ამას მოსდევს ის, რომ სამშობლოს დაცვა პრესტიჟის საკითხია, ხოლო იმის თქმა, რომ დიახ, ომი სააკაშვილმა დაიწყო, სამშობლოს ღალატთან იგივდება.

ძმებო და დებო, მეგობრებო და ხელისუფალნო, რატომ აიგივებთ ასიათასობით ადამიანის სახელს სამშობლოს დამაქცევარ მიხეილ სააკაშვილსა და მის ერთ მუჭა ბანდასთან? ნუთუ, სიტყვა „სამშობლოს“ წარმოთქმისას მიხეილ სააკაშვილი წარმოგიდგებათ თვალწინ? თუ, სამშობლოზე ლოცვისას მიხეილ სააკაშვილზე ლოცულობთ?

ხალხმა არ იცის, ამიტომ მხოლოდ ვერსიების დონეზე გამოთქვამს ეჭვებს, რომ ვიღაცამ გააქეზა არამდგრადი ფსიქიკისა და ნარკოტიკული თრობის მიმდევარი მიხეილ სააკაშვილი სამაჩაბლოში შესაჭრელად; ან თვითონ მოეზმანა არაფხიზელ მდგომარეობაში განდიდების მანიით შეპყრობილს რაღაც და აბსოლუტურად დამოუკიდებლად დაიწყო საომარი მოქმედებები; ან გარკვეულ წრეებთან იყო შეთანხმება და არა მხოლოდ ორმხრივი და ა.შ
ასეა, ისე თუ კიდევ რამენაირად, ფაქტი ის არის, რომ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეების, ოსი ხალხისადმი სატელევიზიო შაქარყინული მიმართვიდან ცოტა ხანში დაიწყო შეტევა სწორედ საქართველოს იმ ნაწილზე, რომელზეც ასე აჭყლოპინდნენ ახლა.

დიახ, სამაჩაბლო იყო საქართველოს ტერიტორია და კონსტიტუციური წესრიგის დამყარება-აღდგენის მიზნით 2008 წლის 8 აგვისტოს თავს დაესხა სააკაშვილის ხელისუფლება და არა საქართველო! სწორედ ამგვარ განმარტებას იძლევა გენერალი ყურაშვილი და კვერს უკრავს გიორგი ბარამიძე (იმ დროს რა პოსტი ეკავა, არ მახსოვს), რაც ასევე ტელევიზიის არქივში უნდა იყოს.

სხვათა შორის, აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, აგვისტოს ომამდე დაახლოებით ათი დღით ადრე რუსულ ტელეარხზე აჩვენებდნენ ქალებითა და ბავშვებით დახუნძლულ ავტობუსებს, კოკოითის მოსახლეობის ევაკუაცია ჰქონდა დაწყებული, ვლადიკავკაზის მიმართულებით ხიზნავდა, სააკაშვილი თავდასხმას გეგმავსო. თუ ამ ფაქტს გავიხსენებთ, ვერსია, რომ სააკაშვილს უცბად მოუარა თავში და გაუაზრებლად გასცა ომის დაწყების ბრძანება, გამოირიცხება. ელემენტარულია, კოკოითის არ დაესიზმრებოდა, რას მოიმოქმედებდა უპროგნოზო სააკაშვილი ათი დღის შემდეგ თუ მას ინფორმაცია არ ჰქონდა…

იმ დროს, როდესაც სააკაშვილის ბანდა და მათდამი დაქვემდებარებული საზარბაზნე ხორცად განწირული ქართველი ვაჟკაცები ცხინვალისკენ მიიკვლევდნენ გზას, საიქიოში გაისტუმრეს „სამშვიდობოების“ ასე თუ ისე, უწყინარი კონტინგენტი. რუსეთის არმიის ჭაჭანება არ იყო. იმის კადრებიც მრავლადაა, როგორ შემოდის რუსული არმია მას შემდეგ, რაც ცხინვალი დადუღებულია და მცირე ხნით ქართული დროშაც აღმართულია.
… და ახლა რაგინდ სიტყვად თქვას ქალბატონმა ბენსუდამ, რომ სამხრეთ ოსეთი იყო და არის საქართველოს ნაწილი, ფაქტად დევს, რომ სააკაშვილმა ის სამ დღეში გადააფორმებინა რუსეთის ნაწილად… სიმართლე ეს არის! (სიღმეებში წასვლას ტომები დასჭირდება, ამიტომ მხოლოდ სიმართლის იმ ზედაპირული მონახაზით შემოვიფარგლოთ, რაც საგაზეთოდ საკმარისზე მეტიცაა).

ვიღაცას, შეიძლება, გაუკვირდეს, რას ბოდავს ეს კაციო – მაშ, სად არის დალის (კოდორის) ხეობა? და სანამ ამ ტერიტორიასაც შეაჩეჩებდნენ აფხაზებს (რუსებს), რატომ გადარქვეს სახელი და ოფიციალურად ზემო აფხაზეთის მხარე დაარქვეს? უარესი – კოდორში ხომ ძირძველი ქართველები ცხოვრობდნენ, წლების მანძილზე კოდორის ხეობის დამცველები, ჯერ რატომ განაიარაღეს და შემდეგ, მთლად საკუთარ სისხლსა და ხორცს რატომ გაუხსნა ცეცხლი იმავე სააკაშვილის ხელისუფლებამ? არც კოდორელებს დასხმია თავს საქართველო, მასაც სააკაშვილი და მისი ბანდა დაესხა იმავე შედეგის მისაღებად, რაც ოსეთის შემთხვევაში განმეორდა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ოსეთში თუ ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, კოდორის შემთხვევაში ტყვია არ გავარდნილა, უბრძოლველად გადასცეს აფხაზებს (რუსებს). ამას ჩაბარებაც კი არ ჰქვია…

ერთი უცნაური ფრაზა უნდა შემოგაშველოთ, რომელიც Hერიტაგე Fოუნდატიონ-ის ავტორმა ლუკ კოფიმ დაწერა: „ბოლოს და ბოლოს, ამ სიტუაციაში საქართველო აგრესორი არ ყოფილა, სააკაშვილმა კი ძალის გამოუყენებლობის პირობა დადო, რაც რუსეთს არ გაუკეთებია.“ ვისაც ცოტაოდენი მაინც გაეგება ენისა, კარგად გაიგებს, რაც წერია…
მართლაცდა, ბოლოს და ბოლოს, ლუკ კოფი მიჯნავს ერთმანეთისგან სააკაშვილსა და საქართველოს და თქვენ (ვისაც ეხება) რატომ ვერ გაგიმიჯნავთ? აქვე ისიც ჩანს, რომ სააკაშვილს პირობა დაუდვია, ძალას აღარ გამოვიყენებო, ანუ უღიარებია, რომ გამოიყენა. (რაც მან ჰალსტუხი მიირთვა და ქართლის მიწა ცხვირით მოხნა, გულწრფელი იქნებოდა იმ მცირე ხანში მაინც) ვისი და რისი ეშინია მას, ვისაც საქართველოში ამ აგვისტოს ომის თემის შესწავლა, გამოძიება და ასე, პროცედურულად ევალება? ინტერნეტში მაინც ნახეთ, რას ამბობს თუნდაც პატივცემული პაატა დავიათაია კადრს მიღმა აგვისტოს ომზე…

სააკაშვილი და მისი ბანდა არ იყო ხელისუფლებაში, როცა აფხაზეთსა და ოსებთან სიტუაცია დაგვიძაბეს, რაც სისხლისღვრაში გადაგვაზრდევინეს, მაგრამ განა მაშინ კი სხვაგვარად იყო? იქნებ ვინმეს მეხსიერების პრობლემა გვაქვს და არ გვახსოვს, თორემ რეალური სურათი სხვანაირი იყო, ვთქვათ, აფხაზეთიდან შეიარაღებულები დაიძრნენ თბილისისკენ, ან ცხინვალიდან და სხვაგვარად არ შეგვეძლო, სისხლისღვრა უნდა გაგვეჩაღებინა? იქნებ სიზმრად ვნახეთ ოსეთში 30 ავტობუსით ჩასული ასევე „რაღაც წესრიგის“ დამამყარებლები, ან აფხაზეთისკენ მოტყუებით დაძრული და მსხვერპლად შეწირული გმირი ბიჭები…
სიმართლის არც თქმა უნდა ვინმეს, არც მოსმენა, თუმცა ენით ზურგს იფხანს ყველა…

გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა გასულ კვირას პრესით განაცხადა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ფატუ ბენსუდასთვის მტკიცებულების გადაცემას ცდილობდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამის საშუალება არ მისცეს. წითელაშვილი იმედოვნებს, რომ მაინც მოახერხებს და მიაწვდის მტკიცებულებებს, თუმცა, მანამდე, საქართველოში და საჯაროდ რომ ეთქვა ორიოდე სიტყვა, არ დაგვზარდა.

ტრისტან წითელაშვილი:

– „როცა ითქვა, რომ ჰააგა დაინტერესდა, გაჩნდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინებოდა ყველაფერს, რაც 2008 წლის აგვისტოს ამბებს უკავშირდება. გამოვლინდებოდნენ ომის რეალური პროვოკატორები და დაისჯებოდნენ კონკრეტული დამნაშავეები, როგორც რუსულ, ისე ოსურ და ქართულ მხარეს. ამ ომის აგორებაში საქართველო აბსოლუტურად არაფერ შუაშია, საქართველოს არაფერი წამოუწყია, პასუხი უნდა მოეთხოვოს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს და მის ბანდას. ქალბატონი ბენსუდას მასალებში, იქ, სადაც ნახსენებია „საქართველო“, ყველგან უნდა მოხდეს ჩასწორება ერთობლივი ტერმინით „სააკაშვილი და მისი ბანდა.“

საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს ომი, როცა ქვეყნის თავდაცვის მინისტრს წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება მის ქვეყანაში, ფეხი-ფეხზე შემოდებული სადღაც კუნძულზე არის არაფხიზელ მდგომარეობაში და არ იჯერებს, რომ ომია ატეხილი, პროვოცირებული თუ ნამდვილი, არ აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში.

არანაირი საქართველოს იურისდიქციის აღდგენა არ იყო ამ ბანდის მიზანი, ხოლო რაც იყო, იდეალურად შეასრულეს. 8-ში არ დაწყებულა ეს პროვოკაციული ომი, უამრავი წინმსწრები პროვოკაციის ფაქტები და შესაბამისად მოწმეები არსებობს… იცით, თქვენ, აგვისტომდე რას შვრებოდნენ ეს სინდისგარეცხილები? „კუდ-ის“ სპეცჯგუფები შედიოდნენ ქართულ და ოსურ სოფლებში ღამღამობით და სროლას ტეხდნენ, თითქოს ქართველებს ოსები ესროდნენ, ოსებს – ქართველები… რამდენიმე ჭურვი წვერიახლოს მთიდან ჩაყარეს ხეობაში…

პარალელურად სხვა თადარიგებსაც იჭერდნენ – გორის რაიონის ბანკები დააცარიელეს უკვე მაისისთვის და უმთავრესი, გაძლიერებულად მიმდინარეობდა კონტარაბდული იარაღით ვაჭრობა, რომელსაც სათავეში ედგა სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია და მათი ბიზნეს-პარტნიორი იყო ერიკ გუდისი.

საქართველოში იარაღის და საბრძოლო ტექნიკისა და მასალის მიმღები იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მის ბალანსზე ადიოდა და შემდეგ ხდებოდა გადაყიდვა იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ემბარგოები ადევს, მათ შორის, სირიაში და ყველგან, სადაც ტერორისტული დაჯგუფებები არსებობდა.

2007 წელს პარლამენტში გივი თარგამაძე შევიდა თხოვნით, რომ გაორმაგებულიყო თავდაცის სამინისტროს ბიუჯეტი, რომელიც 4,5 მლნ იყო და მილიარდიანი დაფინანსება გაუხდა. პირდაპირ არხებზე იყვნენ გასული და უკვე საჭირო გახდა იარაღის ჩამოწერა – იდეალური ვარიანტი იყო კონფლიქტის განახლება.
2008 წლის 8 აგვისტოს დილის 07.05 წუთზე რომ დაიწყო სააკაშვილის, ვიმეორებ, სააკაშვილის და არა საქართველოს არტილერიამ მასიური დაბომბვები, დანაშაულთან ერთად რამხელა სიბინძურე ჩაიფიქრეს, სპეციალურად ჩატოვეს ხეობაში ქალები, ბავშვები და მოხუცები. მათ სჭირდებოდათ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი საერთაშორისო საზოგადოების დასანახად, რასაც მოჰყვებოდა მათთვის სახეირო – ფული! რაც მეტი ლტოლვილი ეყოლებოდათ, მით მეტი სახეირო საქმე იქნებოდა. 4,5 მლრდ

აშშ დოლარი შემოვიდა ლტოლვილთა პირობების გასაუმჯობესებლად და გაქრა ეს ფული ისევე, როგორც მორფი (გადაიყიდა), რომელიც ვითომ დაჭრილებისთვის იყო განკუთვნილი.
მოკლედ გეუბნებით, თორემ იმდენი მტკიცებულება გვაქვს… მთავარია, მიგვიღოს ფატუ ბენსუდამ, გავარღვიოთ როგორმე ის ბარიერი, ჩვენი გაზეთის მკითხველისთვის გაძლევთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის საიდუმლოს, რომლებზე კარგად ჩანს თარიღიც, დროც, ბრძანების შინაარსიც და ა.შ ყველაფერი. ეს ის დოკუმენტია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს იმას, რის გადატრიალებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ. წარმოგიდგენთ მეორე დოკუმენტსაც, ბრძანება #164 რომლის მიხედვით 2008 წლის 7 აგვისტოს ქუთაისის ბატალიონი გორის მიმართულებით გადაისროლეს. რაც შეეხება რუსეთს – რუსეთის 58-ე არმიამ გადაადგილება დაიწყო 8-ში და შემოვიდა 9-ში, დილას, მათი მხრიდან არაერთი ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ, რომ შეეწყვიტა სააკაშვილს ცეცხლი და უკან გაეყვანა მებრძოლები ბუფერულ ზონამდე მაინც.
რა არის, იცით, ასეთ ინტერვიუებს რომ ვიძლევი, ამის გამო პირდაპირ მაკრავენ რუსეთის აგენტის იარლიყს, არადა, მე მხოლოდ ერთი ინტერესი მაქვს, აღარ განმეორდეს ისეთი რამ, რაც ავნებს ჩემ სამშობლოს, ჩემს ხალხს და მათ, ვინც უკვე მრავალჯერ უმტრო პირადი ინტერესების გამო, პასუხი მოეთხოვოთ.
ძალიან კარგად იცოდა მავნებელმა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რაც მოჰყვებოდა მათ ასეთ მოქმედებას, წინ ედოთ 1992 წელს დადებული „დაგომისის ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, რუსეთს უფლება ჰქონდა დამატებითი სამხედრო ძალის შემოყვანისა, მაგრამ სჭირდებოდათ თავიანთი კონტრაბანდული ბიზნესისთვის და გაყიდეს ქვეყანა ხალხიანად…

ამიტომ, ქალბატონმა ბენსუდამ, თუ მართლა სერიოზულად არ განწყობილი, პირდაპირ უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა სააკაშვილისა და მისი ბანდის წინააღმდეგ, რომლებმაც მოახდინეს 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება.
ხაზგასმით ვამბობ – ომის დანაშაული აქვს ჩადენილი ოსურ მხარესაც, რუსულსაც, მაგრამ არა საქართველოს მხარეს, არამედ კონკრეტულად სააკაშვილსა და მის ბანდას!
– თქვენი ეჭვი საით არის მიმართული, ვინ გიქმნით ბარიერს, რატომ ვერ მოახერხეთ ქალბატონ ბენსუდასთან შეხვედრა.
– ეს უკვე ეჭვიც აღარ არის, რადგან არსებობს „რესპუბლიკური პარტია“ და ამავე პარტიის წარმომადგენელი, თავდაცვის მინისტრი ქალბატონი თინა ხიდაშელი და მისი მეუღლე; ასევე, იმავე პარტიის წარმომადგენელი და ამასთანავე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. თუკი ვინმე მნიშვნელოვან და წონიან ფიგურასთან შეხვედრაზეა საუბარი, უშვებენ იმ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ფინანსდებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკელებისგან“ და არა ჩვენნაირად, ქართულად მოაზროვნეებს.

გიორგი ჩხეიძე

“საერთო გაზეთი”

Comments
Loading...