კულტურის სამინისტროში ევროპული კინოს აგენტების ტრეინინგი ჩატარდება

კულტურის სამინისტროში ხვალ ევროპული კინოს აგენტების ტრეინინგი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, SOFA – School of Film Agents – კინოაგენტების სკოლის ვორქშოფი გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ტარდება.

სამინისტროს ინფორმაციით, კინოაგენტების სკოლის ვორქშოფი 30 აპრილიდან 5 მაისამდე გასტანს. პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატი და საქართველოს ტერიტორიის კურატორი ნიკოლაი ნიკიტინი. ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდება სამი ღია ღონისძიება: SOFA ტრეინინგის გახსნა და ღია დისკუსია – თემაზე: როგორ ვაქციოთ რეალობად ორიგინალური შემოქმედებითი იდეა – პაკეტის მომზადება, ინოვიციური ხედვა და სწორი მიწოდება; ექსპერტები: პასკალ ჟია და რენო რედიენ-კოლო (საფრანგეთი), მოდერატორი: ნიკოლაი ნიკიტინი, SOFA კინოაგენტების სკოლის ხელმძღვანელი (კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საკონფერენციო დარბაზი, 02.05.2017.16.45 საათი); შეხვედრა SOFA კინო-აგენტების სკოლის ხელმძღვანელთან ნიკოლაი ნიკიტინთან. თემა: კინო აგენტების მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ახალი ქართველი მონაწილეების შერჩევის პირობები 2017 წლისათვის (გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის 16, 04.05.2017 11.00 საათი); 3) შეხვედრა პეტრი კემპინენთან – თემა: კინო დაფინანსება ევროპაში, განსაკუთრებული აქცენტით დაფინანსების სკანდინავიურ მოდელზე (გოეთეს ინსტიტუტი / მის: მ. ზანდუკელის 16 ); ასევე, დაგეგმილია რევაზ გიგინეიშვილის ფილმის „მძევლების“ დახურული ჩვენება.

„SOFA წარმოადგენს პროფესიულს ვორქშოფს, რომელიც მიმართულია ახალგაზრდა და ძლიერი პროფესიული პოტენციალის მქონე კინო-აგენტების მოსამზადებლად და ჩამოსაყალიბებლად. კინო-აგენტად განსაზღვრულია ყველა ის პროფესია, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში ფილმწარმოებასთან და არ გულისხმობს რეჟისურას. შესაბამისად, კინო აგენტების არასრული ჩამონათვალია: კინო დისტრიბუტორები, საფესტივალო მენეჯერები, გაყიდვების აგენტები, დამოუკიდებელი აღმასრულებელი პროდიუსერები, არქივის სპეციალისტები, კინო ინოვაციების მენეჯერები და სხვა“, – აცხადებენ სამინისტროში.

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ კომპანია “ფილმპლიუსი” (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და თეიქს ფილმი (საქართველო).
პროექტის მხარდამჭერებია: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისი მერია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის პროგრამა – “შემოქმედებითი ევროპა”, საქრთველოს ეროვნული კინოცენტრი და სსიპ “აწარმოე საქართველოში”.

პროექტის პარტნორები არიან: პოლონეთის კინოინსტიტუტი, ვარშავის კინო-კომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, გოეთეს ინსტიტუტი, ისრაელის კინო ფონდი.

სამინისტროს განცხადებით, SOFA კინო აგენტების სკოლა 2013 წლიდან არსებობს. იგი პოლონეთში ტარდება და ხელს უწყობს მონაწილე პროექტებს ევროპის წამყვან სპეციალისტებთან ერთად ეტაპობრივ დახვეწას. თითოეული მონაწილე წარმოადგენს მისი აქტივობის სამოქმედო გეგმას და ერთი წლის განმავლობაში მუშაობს გეგმის შინაარსობრივ და ბიზნეს-პარამეტრების დახვეწაზე. მაგალითად, მუნიციპალური კინოთეატრის ჩამოყალიბება საქართველოში, უკრაინული კინო-პრომოუშენის შექმნა, საბავშვო ფილმების გავრცელების საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა, ბელორუსიაში კინო-კანონმდებლობის პაკეტის მომზადება და სხვა.

პოლონეთის ქალაქი ვროცლავი უკვე ხუთი წელია მასპინძლობს SOFA-ს. 2016 წელს, პროგრამის Creative Europe და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, გადაწყდა 2017 წელს მაისში SOFA-ს მეორე ვორქშოფი საქართველოში ჩატარებულიყო. ეს იქნება მოხსენებითი სახის ვორქშოფი, რომელზეც ყველა პროექტის მონაწილე განვითარებული პროექტების წინსვლაზე იმუშავებს. ამას გარდა, ვორქშოფის ფარგლებში ჩატარდება 3 საჯარო ლექცია კინოინდუსტრიის მომიჯნავე წამყვანი პროფესიონალების ეგიდით.

„SOFA-ს ხელმძღვანელობა მონაწილე ქვეყნების მთავარ პრობლემად განსაზღვრავს არასაკმარისად განვითარებულ კინო სექტორს, განსაკუთრებით, ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა დისტრიბუცია, საფესტივალო სტრატეგია, სააავტორო ფილმების გავრცელება, საარქივო საქმიანობა და სხვა. სკოლა მიზნად ისახავს რეგიონული კინოკულტურის სისუსტეების ეტაპობრივ აღმოფხვრას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში. კინო აგენტების სკოლა ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს ცალკეული მონაწილე პროექტების განვითარების ხელშეწყობით. შერჩეული მონაწილეები ავითარებენ მათ მიერ განსაზღვრულ პროექტებს: წერენ ბიზნეს-გეგმას, ადარებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, ჰყავთ ევროპიდან ლიდერი მენტორები და სკოლის შუამდგომლობით უკავშირდებიან პოტენციურ დამფინანსებლებს. მონაწილეების ინოვაციურ პროექტებს აქვთ პოტენციალი, რეალური ეფექტი მოახდინონ თავიანთი რეგიონის კინო ინდუსტრიაზე“, – აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...