კუჭავას ოჯახი არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და სწორედ ამიტომ პატივისა და ღირსების შელახვისთვის კუჭავას ოჯახის ადვოკატი თალაკვაძის დაკითხვას მოითხოვს.

„თალაკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნად შევიტანოთ სარჩელი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში პატივისა და ღირსების შელახვისათვის, რასაც ის აკეთებს ოჯახთან მიმართებაში. ყველა მასალას ამოვიღებ და აუცილებლად მე მოვითხოვ მის დაკითხვას. რის საფუძველზე ამბობს, რომ ბიძინა კუჭავა არის დამნაშავე იმ დროს, როდესაც პროკურატურა დღემდე განცხადებას არ აკეთებს. არჩილ თალაკვაძეს თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს საერთოდ განცხადებების გაკეთება ბიძინა კუჭავას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით“, – განუცხადა „რუსთავი2“-ს ადვოკატმა.

კუჭავას ოჯახის უკმაყოფილება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გამოიწვია, როდესაც მან სატელევიზიო ეთერში საქმის დეტალებზე ისაუბრა. თავად თალაკვაძე აცხადებს, რომ მისი ვალდებულებაა დამნაშავის ბრალეულობა დაამტკიცოს და ამიტომ მისი თქმით, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

Comments
Loading...