კვიპროსის გაერთიანება პოზიტიური მაგალითი იქნება საქართველოში კონფლიქტების მოგვარებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გია ვოლსკის კვიპროსის შესაძლო გაერთიანების პოზიტიური მაგალითის საქართველოს სინამდვილეში განხორციელება, ახლო პერიოდში უპერსპექტივოდ მიაჩნია.

პარლამენტის ვიცე–სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, კვიპროსის საერთაშორისო აღიარებამ, ევროკავშირში გაერთიანებამ, კვიპროსის, როგორც საკურორტო ზონის ჩამოყალიბებამ, ასევე ე.წ. ბერძნულ ნაწილთან თურქული ნაწილის სავაჭრო-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა განაპირობა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის მიმზიდველობა.
აღნიშნულ საკითხზე სააგენტო პირველი ვიცესპიკერს ესაუბრა:

“პირველი”: – კვიპროსში არსებული მრავალწლიანი კონფლიქტური სიტუაციიდან და ახლა მიმდინარე მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა კვიპროსისა და საქართველოს ტერიტორიულ პრობლემატიკას შორის პარალელები გავავლოთ?
გიორგი ვოლსკი: – ჩვენ კვიპროსის გზით მოძრაობის რეალური წინაპირობები გვქონდა 2004 წლიდან 2006 წლამდე, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის  მიმართულებით. ეს სვლა გარკვეულწილად კვიპროსის პოზიტიური მაგალითებით იყო გაძლიერებული. 2008 წლის ომმა მნიშვნელოვნად დაგვაშორა ასეთი პროცესის განვითარების შესაძლებლობებს. სააკაშვილს ძალისხმევა არ დაუშურებია იმისთვის, რათა ეს პროცესი ამდაგვარად არ განვითარებულიყო. 2006 წლიდან პრაქტიკულად მოლაპარაკებები ყველა მიმართულებით შეწყდა და ის ეკონომიკური პროექტები, რომლებიც დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, პრაქტიკულად, ჩამოიშალა.

სამომავლოდ საკმაოდ რთულია განვავითაროთ მსგავსი ვითარება, რადგან მოსკოვსა და თბილისის შორის დამოკიდებულებები, ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით ხასიათდება გაცილებით მეტი ანტაგონიზმით, ვიდრე ჩვენ გვაქვს დღევანდელობაში კვიპროსის შემთხვევაში, თურქეთსა და საბერძნეთს შორის, ან კვიპროსის ბერძნულ და თურქულ მხარეებს შორის. მაგრამ სამომავლოდ ჩვენს სტრატეგიაში იკვეთება ურთიერთობები, რომელიც რუსეთ-საქართველოს ახასიათებს ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ სფეროებში და ამან სამომავლოდ, შესაძლოა, საფუძველი შეუქმნას ჩვენს პირდაპირ ურთიერთობებს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან. ცალმხრივი ურთიერთობები ჩვენი მხრიდან არსებობს, ესაა თუნდაც რუხის სავაჭრო ცენტრისა და ჰოსპიტალის გახსნა, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული გეგმის შემადგენელი ნაწილი, უფრო სპონტანური ხასიათი აქვს.
“პირველი”: – ეს იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი რუსეთსა და  საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობაზე გადის?
გიორგი ვოლსკი: – თუკი ლაკონურად და მოკლედ დავახასიათებთ, შეიძლება ასეც ითქვას. პოზიტიური პროცესების განვითარების საფუძველი, ჩემი აზრით, გადის გარკვეულ ურთიერთობებზე, რომელიც რუსეთთან გვაქვს ამ ურთულესი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე და სამომავლოდ, ჩვენს პირდაპირ ეკონომიკურ ურთიერთობებზე სოხუმთან და ცხინვალთან. თუმცა ამ მიმართულებას საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა სააკაშვილის დაუფიქრებელმა პოლიტიკამ 2006 წელს, რამაც რუსეთის აგრესიის და ტერიტორიების ოკუპაციის წინაპირობები შექმნა.
“პირველი”: – როდისთვის შეიძლება ვითარება ისე მომწიფდეს, რომ საქართველოს გაერთიანდეს?
გიორგი ვოლსკი: – ძალიან მოკლე, პატარა ნაბიჯებით უნდა ვიმოძრაოთ და შევინარჩუნოთ სტაბილურობა. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არის ერთ-ერთი სეგმენტი იმ გლობალური დაპირისპირებებისა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, კერძოდ, რუსეთსა და დასავლეთს შორის. ასე რომ, ყველაფერი არ არის ჩვენზე დამოკიდებული. მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ სამომავლოდ როგორი იქნება სამშვიდობო პროცესების განვითარება მსოფლიო მასშტაბით.
“პირველი”: – ასეთ შემთხვევაში საქართველოს რა უნდა მოიმოქმედოს?
გიორგი ვოლსკი: – ნებისმიერი პროცესის განვითარებას სჭირდება ნება, ასეთი ნება ჯერჯერობით არ არსებობს, მხარეები ერთმანეთს ხვდებიან ჟენევაში, შედეგი პრაქტიკულად ნულოვანია, მაგრამ შეხვედრებს, მუდმივ ურთიერთობებს, რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს და ეს არ უნდა შეწყდეს. ქართულ-რუსული ურთიერთობების ხარისხს გავლენა ექნება კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივაზე. გარდა ამისა, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა და პრაქტიკულად, პერსპექტივა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბდეს, არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობდა კვიპროსის თურქული მხარის ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პერსპექტივა.

აქედან გამომდინარე უპერსპექტივობა და ყველაფერი ეს აკუმულირდება ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე, მათი უფლებების დაცვაზე, თუნდაც იმ ქართველების უფლებების დაცვაზე, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, თუნდაც იმ ადამიანის სულისკვეთების გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, საბოლოო ჯამში გათვლა უნდა გავაკეთოთ ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაზე და ჰუმანიზმზე, რასაც ართულებს მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.
“პირველი”: – კვიპროსის შემთხვევაში საუბარია ფედერაციულ გაერთიანებაზე, ეს რამდენად პერსპექტიულია  საქართველოსთვის?
გიორგი ვოლსკი: – რამდენიმე წლის წინ, ძალიან ახლოს იყო მოლაპარაკება ამ მიმართულებით პოზიტიურ შედეგთან, მაგრამ საზოგადოების ბერძნულმა ნაწილმა უარი თქვა. ახლა კვლავ დაუბრუნდნენ შეთანხმების გარკვეულ პირობებს. ასე რომ, იმედით შევხედოთ მომავალს, კვიპროსის თემა ძალიან კარგი მაგალითი იქნება მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთვისაც.
“პირველი”: – კვიპროსის შემთხვევაში, თუ თურქეთი, საბერძნეთი და ბრიტანეთია გარანტორი, საქართველოს შემთხვევაში ვინ უნდა იყოს – რუსეთი?
გიორგი ვოლსკი: – წინასწარ ვერ განისაზღვრება რუსეთისთვის გარანტორის როლის მორგება, ძალიან რთული იქნება იმის ფონზე, რომ სახეზეა ტერიტორიების ოკუპაცია. გარდა ამისა, განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ რუსეთისათვის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორია არ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებასთან, როგორც ამას თურქეთი იღებდა. რეალობაში რუსეთის მიზანი იყო სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება იმ თვალსაზრისით, რომ გავლენა ჰქონოდა ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფანზე ანუ საქართველოზე. ასე რომ, რუსეთი ამ შემთხვევაში გვევლინება მხარედ, შესაბამისად, მისი მისწრაფება, რომ კონფლიქტი მოგვარდეს, არ იკვეთება ასეთი სტრატეგიული გეგმის ფონზე. ეს გეგმა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში არის წარმოდგენილი, რომ მისთვის პრიორიტეტულია გავლენა ჰქონდეს ენერგორესურსების მოპოვებისა და მისი ტრანზიტის გზებზე. ამ სტრატეგიული გეგმის რეალიზება მოახდინა, როცა 2008 წელს აგრესია განახორციელა. გარდა ამისა, ასევე სერიოზული ფაქტორია ის, რომ მსოფლიოს გლობალურ დაპირისპირებაში რუსეთი მონაწილეობს როგორც დაპირისპირებული მხარე დასავლურ ქვეყნებთან, ანუ ჩვენს მოკავშირეებთან და, შესაბამისად, საქართველო ამ დაპირისპირების გარკვეულ სეგმენტს წარმოადგენს. ეს ორი ფაქტორი რუსეთის სტრატეგიული ინტერესი სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირება არ გვაძლევს საშუალებას ახლო პერსპექტივაში განვიხილოთ კვიპროსის პოზიტიური მაგალითის რეალიზაცია საქართველოს სინამდვილეში. თუმცა ამისკენ მოძრაობა აუცილებელია და ყველაფერი რასაც საქართველო აკეთებს ჟენევაში, ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ფორმატში, არის პოზიტიური და ორიენტირებულია კონფლიქტების საბოლოო პოლიტიკურ მოგვარებაზე.
“პირველი”: – საქართველო განიხილავს თუ არა კონფლიქტების მოგვარების ფედერალიზმის პრინციპს?
არსებული სიტუაცია არ ქმნის ნოყიერ ნიადაგს, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე გულუბრყვილოდ გამოჩნდება ამ თემაზე საუბარი.

 

Comments
Loading...