კვიპროსში საქართველოს არქეოლოგიური ჯგუფის მისიის მეორე ეტაპი დაიწყო

საქართველოს არქეოლოგიურმა ჯგუფმა კვიპროსის სოფელ ალამინოსში სამუშაოები განაახლა. 2016 წლის ნოემბერში ჯგუფმა, ვახტანგ ლიოჩელის ხელმძღვანელობით, საკონტროლო გათხრები ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ალამინოსის წმიდა გიორგის ტაძრის ნარჩენებს, შესაძლოა ქართული წარმომავლობა ჰქონდეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, რეგიონის მოსახლეობამ ქართველ არქეოლოგებს მაქსიმალური დახმარება აღუთქვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კვიპროსის რესპუბლიკის სიძველეთა დეპარტამენტს შორის თანამშრომლობით, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერითა და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით.

Comments
Loading...