კვირიკაშვილის პასუხი ლავროვს (ვიდეო)

“რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მნიშვნელოვანი წინაპირობები აქვს, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სუვერენიტეტის, ანუ ყველა სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხთან ერთად იღებს.„ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებების კომენტირებისას გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზების შემსუბუქება უკანასკნელ პერიოდში ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იყო.

პრემიერ-მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში არსებულ საფრთხეებზე საუბრობს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს.

“საქართველოს მთავრობა ახორციელებს სრულ კონტროლს, ჩვენს იმ რეგიონებზე, სადაც ჩვენ დღეს ვახორციელებთ კონტროლს. არანაირი ტერორიზმის რისკი ამ რეგიონიდან არ მოდის, იქიდან არის რამდენიმე ათეული ადამიანი წასული და იბრძვის ისლამური სახელმწიფოს რიგებში, თუმცა მათ შემოსვლაზე არის უმკაცრესი კონტროლი დაწესებული და აქ უკვე სისხლის სამართლის მუხლები მოქმედებს.

პირდაპირ ვამბობ, რომ არანაირი ტერორისტული რისკი დღესდღეობით პანკისის ხეობიდან არ მომდინარეობს და ამ კუთხით არსებული არხებით გვექნება დიალოგი და მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, რომ მათ ჰქონდეთ უფრო სწორი ინფორმაცია ამ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სერგეი ლავროვის განცხადების იმ ნაწილზეც გააკეთა კომენტარი, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

Comments
Loading...