კვირიკაშვილმა ირანის პრეზიდენტს დაურეკა-საქართველო სავიზო რეჟიმს აუქმებს

ქართული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერმინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე.

საუბრისას გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა. კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

Comments
Loading...