„კვირიკაშვილს არ აქვს პოლიტიკოსის გამოცდილება და ეს უმოკლეს დროში უნდა დაძლიოს“

ახალი წლის მოლოდინში ახალი სამთავრობო პროგრამა და განახლებული ძველი დაპირებები – ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პოლიტიკურ ვექტორებსა და აქცენტებთან ერთად არანაკლებ საინტერესოა ეკონომიკური პერსპექტივები. პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება; რომ მთავრობა გააგრძელებს მუშაობას უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის და მოქალაქეებისათვის ღირსეული პირობების შექმნის მიმართულებით; გაგრძელდება წვრილი და საშუალო ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა; მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებს, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას და ა.შ.

რა პერსპექტივების იმედი შეიძლება ვიქონიოთ, განახლებული თამაშის პირობებში, ამ თემაზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

ბატონო ვაჟა, როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილის წასვლის თუ გაშვების ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი რამდენად შეიძლება ყოფილიყო დამძიმებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი?

– არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ის ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რაც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში არსებობდა, უფრო დამძიმდა ან გაუმჯობესდა ახალი ხელისუფლების მმართველობისას. სამწუხაროდ, ეს არის დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი ქვეყნის სისტემური პრობლემები, რომელიც არც ერთ საარჩევნო ციკლში წყდება და არც 10 და 20 წეწლიწადში.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის თითქმის გარდაუვალია, ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ შენი დიდი მეზობლების დანამატად იქცევი, როდესაც დამოუკიდებლობის გზას დაადგები – ძალიან ჭირს წარმატებული ეკონომიკის შექმნა, რადგან საბჭოთა ეკონომიკა აგებული იყო იმ პრინციპზე, რომ არც ერთ ქვეყანას დამოუკიდებელი ეკონომიკა არ ჰქონოდა.

გარდა ამისა, როდესაც გვერდით გყავს თურქეთი, მრავალი წლის მანძილზე წარმატებული ეკონომიკით, შეუძლებელია, რომ შენ არ გახდე მისი გასაღების ბაზარი; როდესაც ორიენტირებული ხარ რუსეთის ბაზარზე, რომელიც ემბარგოს ტაქტიკას იყენებს პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად, ძალიან ძნელია წარმატების მიღწევა.

თუმცა შედარებით უკეთ გადალახეს ეს პერიოდი ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებსაც სკანდინავიის ქვეყნების უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ეკონომიკური პრობლემები მათთანაც არსებობს.

როდესაც ასეთი ფონია, ეკონომიკური ნაბიჯები, რაც გადაიდგა ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, შეიძლება შეფასდეს დადებითად, მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არ იყო შთამბეჭდავი – სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა ასე თუ ისე მოქმედებდა, სოფლად მოსახლეობის დამაგრებისთვის განხორციელდა სუბსიდიები; შესაბამისად, სოფლის მეურნეობა შედარებით სიცოცხლისუნარიანი გახდა. გარდა ამისა, საგარეო ეკონომიკური თვალსაზრისით გვაქვს ისეთი დადებითი ფაქტორები, როგორიცაა ევროკავშირისა და ახალი აბრეშუმის გზის მიმართულებები.

ანუ, იმისი თქმა, რომ ეკონომიკური პრობლემები იყო მთავარი ფაქტორი და ამ კუთხით სერიოზულად იყო დამძიმებული მდგომარეობა, გადაჭარბებულად მიმაჩნია.

თუმცა ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, რომელზეც გარკვეულწილად, გარე ფაქტორებმა მოახდინა ზეგავლენა. ეს მხოლოდ გარე შოკებით იყო გამოწვეული თუ ქვეყნის შიგნითაც იყო შეცდომები დაშვებული?

– როგორც წესი, არ არსებობს მხოლოდ გარე ან შიდა ფაქტორების ზეგავლენა, ეს არის ერთობლივი პრობლემები. იყო გარე შოკები – ჩინეთის საფონდო ბაზრის ჩამოშლა, რომელსაც დომინოს ეფექტი ქონდა, საბერძნეთის ეკონომიკური კოლაფსი, თურქეთის სერიოზული პრობლემები რუსეთთან კონფლიქტის თვალსაზრისით; რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები დასავლეთის მხრიდან – ეს ის ქვეყნებია სადაც ძირითადად არიან დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები და საზღვარგარეთიდან გადმორიცხვების თვალსაზრისით, ჩვენს ეკონომიკას დაახლოებით 400 მილიონი დააკლდა.

ასეთ შოკებს ასე თუ ისე, გაუძლო ქართულმა ეკონომიკამ, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში გეგმა შესრულდა, ლარის კურსის ვარდნა შეჩერებულია. თუმცა არსებობს პრეტენზიები ინფლაციის მიზნობრივი დონის აცდენასთან დაკავშირებით. ლარის კურსთან დაკავშირებითაც შეიძლებოდა უფრო ეფექტური პოლიტიკის განხორციელება. კი, ეს ყველაფერი იყო, მაგრამ იმას რასაც ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სახეზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, ეს ასე არ არის.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მეწარმეობის განვითარება – ეს დიაგნოზი გვესმის მრავალი წელია, მაგრამ ვერც „წამალი“ და ვერც შედეგი ვერ მივიღეთ. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საუბარია თავისუფალ ვაჭრობაზე როგორც ევროპასთან ასევე, აზიასთან, მათ შორის ჩინეთთან, რადგან საქართველოს ბევრი არაფერი აქვს საექსპორტო (უცხოეთში დასაქმებულთა გადმორიცხვებზე რომ არ იყოს დამოკიდებული ეროვნული ვალუტა). რატომ ვერ ხდება საქართველო მწარმოებელი ქვეყანა და რატომ არის ქცეული ძირითადად, მესამე ქვეყნებისთვის განკუთვნილი იმპორტის ამთვისებელ ბაზრად?

– პირველ რიგში, ამის მიზეზია ინვესტიციების ნაკლებობა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი სამეზობლო არის განსაკუთრებით პრობლემური. გარდა ამისა, კონკურენცია დიდია მწარმოებლებს შორის და ამ ბაზარზე ადგილის მოსაპოვებლად სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება.

ამისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ გადასახადების შემცირება ან ლიბერალური ბიზნესგარემო, საჭიროა განსაკუთრებული და კარგად დაგეგმილი ძალისხმევა, რაც მთავარია ისეთი ეკონომიკური მოდელის შექმნა, რომელიც მოკლე დროში მოგვცემს შედეგებს.

ამავე დროს, სახელმწიფოს აქვს სოციალური ვალდებულებები და თუ საბიუჯეტო გადასახადები შემცირდება, ამ სოციალური ვალდებულებების შესრულება გაჭირდება, იმის მიუხედავად რომ გრძელვადიან პერიოდში მას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც სოციალური, ასევე სამეწარმეო და ბიზნესის განვითაების თვალსაზრისით.

ამ და ბევრი სხვა სპეციფიკური ფაქტორიდან გამომდინარე, უცაბედი ეკონომიკური ზრდის მიღწევა საკმაოდ რთულია და ახალ მთავრობას ძალზე სერიოზული მუშაობა დასჭირდება უფრო სერიოზული შედეგების მისაღწევად.

გაქვთ დადებითი მოლოდინები თუ პრემიერობის კანდიდატის ეკონომიკურ გამოცდილებას გავითვალისწინებთ?

– კვირიკაშვილი კარგი ბიოგრაფიის მქონე, პრინციპული, განათლებული ადამიანია, მოდის საბანკო სფეროდან, ბიზნესიდან და თუ ის მასშტაბური მენეჯერის თვისებებსაც გამოამჟღავნებს, ეს მას წარმატებებს მოუტანს.

იმედი მაქვს, ის მიდგომები, რითაც საზოგადოება იცნობს კვირიკაშვილს, იქნება ხელშემწყობი მეტი კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მთავარია, მისმა კვალიფიციუირობამ ხელი შუწყოს ეკონომიკური პროლემების სწარაფად მოგვარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრადაც ეკონომისტია წარდგენილი, იმედი მაქვს, ამ კუთხითაც გააქტიურდება მუშაობა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით.

თუმცა არანაკლები, პოლიტიკურად აქტიური პროცესები გველის – მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია – კვირიკაშვილმა უნდა შეასრულოს გამართიანებელი ლიდერის ფუნქცია და ფაქობრივად, გაუძღვეს მთელ კოალიციას არჩევნებში წარმატების მოსაპოვებლად.

ვიტყოდი, რომ კვირიკაშვილი კარგი პრემიერი იქნება, მაგრამ უმოკლეს დროში დასაძლევი აქვს უამრავი გამოწვევა. თანაც, მას არ აქვს პოლიტიკოსის გამოცდილება და ესეც უმოკლეს დროში უნდა დაძლიოს.

თუ მიეცემა საშუალება კვირიკაშვილს, იყოს კარგი მენეჯერი – სწრაფად და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები იმის გათვალისწინებით, რომ ფარულ მმართველობაზე ეჭვები და კითხვის ნიშნები არ გაფანტულა?

– ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზულ როლს ასრულებს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, ეს ის რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ ივანიშვილი არ ჩამოყალიბებულა ავტორიტარულ ლიდერად და ბელადად, არც მარიონეტული მეთოდებით მართავს საზოგადოებას.

რაც ჩანს, არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გაგებით ეკიდება მმართველობის ამ ფორმას. ხელისუფლების პირველი და მეორე პირებიც ანგარიშს უწევენ ქვეყანაში ყველაზე გავლენიან პირს. თუ არჩევნები აჩვენებს, რომ მმართველობის ასეთი ფორმა მისაღებია, დანარჩენებს, ვინც კრიტიკულად ვუყურებთ მმართველობის ასეთ სტილს, აღარაფერი დაგვრჩება სათქმელი.

პრინციპში, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ კვირიკაშვილს უნდა ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა და რეალური ძალაუფლება, რადგან ამ მთავრობის წინაშე მდგომი ამოცანები წარმატებით გადაწყვიტოს როგორც არჩევნებამდე, ასევე შემდეგ ოთხწლიან ციკლში, თუ ის დარჩება თანამდებობაზე. ვისურვებდი, რომ ის უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს, როგორც მთავრობის მეთაური.

for.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.