კვლევა – საქართველოში ახალგაზრდების 62%-ს მშობლები არჩენენ

საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების უმრავლესობა, 62% ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში “თაობა გარდამავალ პერიოდში” არის ნათქვამი. კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 27%-სთვის შემოსავლის წყაროს პირადი ანაზღაურება წარმოადგენს, მათ შორის ხელფასი. კვლევაში მონაწილეთა 14% აცხადებს, რომ მას პარტნიორი (მეუღლე, პარტნიორი გოგო/ბიჭი) არჩენს. გამოკითხული ახალგაზრდების 8% აცხადებს, რომ მათ ფინანსურ შემოსავალს მშობლებისგან ან ნათესავებისგან მიღებული თანხა წარმოადგენს. 7%-ის თქმით, მისი შემოსავალი ოჯახის პენსიაა.

კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების ხარჯების დიდი ნაწილი მიმდინარე კრედიტების დაფარვაზე მოდის.

“ახალგაზრდების 20% მიმდინარე კრედიტს იხდის, რომლის საშუალო თვიური ხარჯი 190

ლარს შეადგენს. ასეთი ხარჯები განსაკუთრებით მაღალია თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში მცხოვრები რესპონდენტებისთვის. სიდიდით მეორე ხარჯი – საშუალოდ, 110 ლარი თვეში მოგზაურობაზე მოდის, ხოლო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საყიდლად და სიგარეტისთვის ყველა კატეგორიის ხარჯი თვეში საშუალოდ 80 ლარია. ახალგაზრდები გართობაზე თვეში საშუალოდ 60 ლარს ხარჯავენ და ეს ხარჯი მოიცავს, როგორც კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, ასევე მეგობრების შეკრებებსაც, ხოლო მათი ყოველდღიური გადაადგილების სატრანსპორტო ხარჯი თვეში დაახლოებით 55 ლარია. სახლის გარეთ

კვება თვეში საშუალოდ 42 ლარს შეადგენს. წიგნების შესაძენად, მობილურისა და სილამაზის სალონის ხარჯებისთვის ახალგაზრდები თავიანთი ბიუჯეტის ყველაზე მცირე წილს ხარჯავენ”, – ნათქვამია კვლევაში.

 

ambebi.ge

Comments
Loading...