ლადო ბედუკაძე: არსებობს ორი ადამიანი, რომელთა რჩევასაც გავითვალიწინებ – პატრიარქი და ბატონი ბიძინა

პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ „ცენტრისტების“ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება ქვეყანაში დიქტატურის დასაწყისი იქნება.

როგორც ბედუკაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ის საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით მხოლოდ პატრიარქის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების გათვალისწინებას აპირებს, თუმცა მთავრობის ყოფილ მეთაურთან კონტაქტი დიდი ხანია არ ჰქონია.

„ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე მოხდა, როცა აკრძალეს „კომუნისტური პარტია“. ეს შეცდომა იყო, რადგან „კომუნისტური პარტიის“ აკრძალვამ შემდეგ გამოიწვია კანონიერი ხელისუფლების დამხობა. არსებობს ორი ადამიანი, პირველი – უწინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ვისაც აზრს დავეკითხები და ვის რჩევასაც გავითვალისწინებ და მეორე – დღევანდელი ქართული რეალობის შემოქმედი ბატონი ბიძინა“, – განაცხადა ლადო ბედუკაძემ.

მისი თქმით, თუ ივანიშვილი მასსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის მზადაა, სიამოვნებით შეხვდება და მის რჩევებს მოისმენს.

„თუ ბატონ ბიძინას ექნება სურვილი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრის, აუცილებლად შევხვდებით და აუცილებლად გავითვალისწინებთ მის აზრს“, – აღნიშნა ბედუკაძემ.

ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის “ცენტრისტების” სარეკლამო რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ. ასევე, ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას – 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გავიდა, თუმცა ტელეკომპანიამ მისი ეთერში გაშვება შეაჩერა.

„ცენტრისტების“ საარჩევნო კლიპს პოლიტიკურ წრეებსა და უშუალოდ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რის გამოც, როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ.

Comments
Loading...