ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მდივანმა იდეოლოგიურ დარგში, ნუგზარ ფოფხაძემ „რუსთავი 2“- ის ბეჭვდითი ორგანოს „ქრონიკა +“ მფლობელის და მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტის მანტია მორგებული სუბიექტის (სამწუხაროდ ასეთ ადამიანებს ჟურნალისტად ვერ მოვიხსენიებ და შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ ჟურნალისტთა კორპუსს) ელისო კილაძეს ხელით მორიგი შორსგამიზნული პროვოკაცია გამოაცხო.
(თუ იცის ეს თავად ნაცკოორდინატორმა კილაძემ,რომ ის პასტერის ქუჩზე გამაგრებული მოხუცი კარდინალისთვის პაიკია მხოლოდ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში.)
ლაურა ღაჭავას მიერ შექმნილი მედიაჰოლდინგი ( თავად „მამობილის“ სიტყვებით) ამჯერად ჩემი და ჩემი მეუღლის პირად, კერძო საუბრის აუდიო ფრაგმენტს აქვეყნებს, რაც უდავოდ სისხლის სამართლის დანაშაულია.
ვფიქრობ, ეს ადამიანებიც სწორედ შეგნებულად, მიზანმიმართულად მიდიან ამისკენ. ძალიან სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ ქალბატონი კილაძე წამებულის მანტიით სწორედ ჩემი ხელით მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში- “აი, როგორ იდევნება სიტყვის თავისუფლება საქართველოში”! არ გამოვრიცხავ ამით ფაქტობრივად მინი- „რუსთავი 2“-ის სცენარის გათამაშებასაც ცდილობდნენ..
აგერ უკვე სამი წელია ყველა ხერხით, გზით და საშუალებით ცდილობენ დამაკავშირონ ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი ღარიბაშვითან და საერთოდ,ე.წ. „ციხის კადრების“ თემა რამენაირად მიაკერონ „ქართული ოცნების“ სახელს.
ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კალაძის და ბევრი სხვა ადამიანების თავგანწირვა რომ არა, ვერც ციხის თუ სამალავის ვერანაირი კადრები ვერ შეძლებდა იმ მონსტრის დამარცხებას, რის რეინკარნაციასაც ასე გაცოფებით ცდილობენ დღეს, სწორედ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები.
როგორც თავად აცხადებენ ქალბატონი კილაძე-ფოფხაძისა მომავალშიც კვლავ აპირებს ჩემი კერძო საუბრების გამოფენას. ჯერ კიდევ შარშან, 2014 წლის 5 ოქტომბერს,ასევე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტკრიპტუმით“ გავიდა მსგავსი პირადი ხასიათის ჩანაწერები. მიუხედავად ჩემი ოფიციალური მიმართვის,მაშინ გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.
დღეს ოფიციალურად მივმართე ქ.თბილისის პროკურატურას (წერილი N 110942) დაიწყონ გამოძიება მოქ: ელისო კილაძის მიმართ, საქ.სსკ.157,158.159 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.
იქნებ, ამჯერად მაინც ყურად იღოთ თხოვნა, ბოლო მოეღოს ბინძურ პროვოკაციებს, ბოლო მოეღოს ჩემს სულში ფათურს და ადამიანების პირადი ცხოვრების თოჯინების თეტრად ქცევას. ბევრი ტკივილი, შეურაცხოფა, ცილისწამება განვიცადეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, პირადად მე გარკვეულწილად ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად ვიყავი კიდეც, თუმცა რა დააშავა ოჯახმა?
გაბოროტებულო ადამიანები, თქვენც ვერ ხვდებით, როგორ მწენდთ და მასუფთავებთ, მრეცხავთ იმ ლაქისგან, რომელიც ასე თუ ისე არსებობს ჩემს მიმართ საზოგადოებაში. მაგრამ გირჩევთ შეეშვათ ოჯახს, შეეშვათ ჩემს პირად ცხოვრებაში ქექვას, შემკვეთმაც და შემსრულებელმაც პასუხი უნდა აგონ .”
– აცხადებს ლადო ბედუკაძე

Comments
Loading...