ლადო სადღობელაშვილი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება

გავრცელებული ინფორმაციით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ლადო სადღობელაშვილი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ლადო სადღობელაშვილს დავუკავშირდით. მან დაადასტურა არსებული ინფორმაცია. სადღობელაშვილის ინფორმაციით, მისი მთავარი კონკურენტი არა სალომე ზურაბიშვილი და გიგლა ბარამიძე, არამედ ადგილობრივი „ნაციონალი“ ნიკა რურუა იქნება.
– ირმა ინაშვილთან ჩემი ურთიერთობა დღეს არ დაწყებულა. მე კიდევ წინააღმდეგობის მოძრაობიდან მოყოლებული, 2010 წლიდან ვიყავი მის გვერდით. რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“, მე სრულიად ვეთანხმები პარტიის იდეოლოგიას, მის მიმართულებას, პრინციპებს და მაქსიმალურად ვეცდები მთაწმინდის რაიონში დავამკვიდრო ეს შეხედულებები. რაც შეეხება კონკურენტებს, ზუსტად ის სიაა წარმოდგენილი, რომელსაც ვვარაუდობდი. ბურჯანაძემ გიგლა ბარამიძემ წარადგინა კანდიდატად, ის არაა ადგილობრივი და შესაბამისად, გამარჯვების შანსიც ნაკლებად აქვს, სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში, სიმართლე გითხრათ, ბევრი რამეა გაუგებარი. წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ წარმოუდგენია მას ხალხსთან შეხვედრა, თვითონ აღნიშნა, რომ არ დაიჭერდა პლაკატს ხელში და არ ივლიდა კარდაკარ.
რაც შეეხება ნიკა რურუას, ის მაინც მთავარ კონკურენტად მყავს წარმოდგენილი. ის იქაური მაცხოვრებელია და ხალხსაც კარგად იცნობს შესაბამისად, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქაც ჩემ მხარეზე იქნება ფორტუნა. მე მაქვს შესაბამისი მხარდაჭერაც და გამარჯვების საკმაოდ დიდი შანსიც“– აღნიშნა სადღობელაშვილმა. ლადო სადღობელაშვილს პარტია ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარადგენს.

Comments
Loading...