ლადო სადღობელაშვილი – ვიწყებთ ბრძოლას სააფთიაქო მაფიისა და გია თვალავაძის წინააღმდეგ

„ძალიან სავალალო და სამწუხარო ფაქტია, რომ კარტელური შეთანხმებით მოქმედებს ორი მსხვილი მონოპოლიზირებული კომპანია – „PSP” და „ავერსი”, – ამის შესახებ „თავისუფალი თაობის” წევრი გიორგი მუხიგულაშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ „PSP”-სა და „ავერსს” მონოპოლიზებული საქმიანობის განხორციელებაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე უწყობს ხელს. ამის შესახებ მუხიგულაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე ხელისუფლებას გარკვეული ამკრძალავი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.

„მათ ხელს უწყობს გია თვალავაძე, რომელიც არის „წამლის სააგენტოს” ხელმძღვანელი. თვალავაძე უშუალოდ კურირებს მათ დავალებებს და არის მათი უსაფრთხოების გარანტი. როგორც კი კონკურენტი ფირმა დაიწყებს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის გაწევას, მეორე დღესვე შედის „წამლის სააგენტო” და გაურკვეველი მიზეზებით აჯარიმებს ამ ფირმებს. მათ არავინ უმარტავს, თუ რის გამო ჯარიმდებიან. ახლაც მიმდინარეობს სასამართლო დავები. დაახლოებით 16 კომპანია უჩივის გია თვალავაძეს.

„PSP” და „ავერსი” შეთანხმებული არიან ხელოვნურად წამლების ფასის აწევაზე, მედიკამენტების შეზღუდვაზე და ა.შ. მთელი ჯანდაცვის სამინისტრო ებრძვის მას და ჯერჯერობით ბოლო ვერ მოუღო. ამ ყველაფერს ადასტურებს შვიდი მცირე ფარმაცევტული კომპანია, რომლებიც პრეტენზიას გამოხატავენ დღევანდელი ხელისუფლების უმოქმედობაზე. ხელისუფლება შეგვპირდა, რომ შექმნიდა ანტიმონოპოლიურ საბჭოს, მაგრამ ეს არ მოხდა. ეს ყველაფერი ქვეყანაზე რამდენიმე წელიწადში ძალიან ცუდად აისახება. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად გაატაროს სათანადო ზომები მათ წინააღმდეგ”, – განაცხადა გიორგი მუხიგულაშვილმა.

„თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი კი უახლოეს მომავალში „PSP”-სა და „ავერსის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს.

„შეუძლებელია, ქვეყანაში დღეს საზოგადოებამ მოითმინოს ასეთი მაფიოზური მიდგომები. ეს ყველაფერი არის სააფთიაქო მაფია და მეტი არაფერი.

აქვე დავაანონსებ, რომ უახლოეს დღეებში შევიკრიბებით, მოვითათბირებთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და გავმართავთ აქციებს „PSP”-სა და „ავერსის” წინააღმდეგ. მაქსიმალურად უნდა გავიტანოთ ხალხში ეს ინფორმაცია, რომ წამლის ასეთ სიძვირეში დამნაშავეები არიან ეს ბიზნესმენები”, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

„თავისუფალ თაობას” უერთდება „საქართველოს ეროვნული-ახალგაზრდული მოძრაობა” და ორგანიზაციის წარმომადგენელი შოთა ანასაშვილი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს ეროვნული-ახალგაზრდული მოძრაობა” უერთდება „თავისუფალ თაობას”. დღეს რაც ხდება, ეს ქართველი ხალხისთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა. ოქრიაშვილის, კურტანიძისა და თვალავაძის კარტელი ხალხს სისხლს სწოვს. როდემდე შეიძლება ეს ყველაფერი გაგრძელდეს?! ეს პირები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დანატოვარია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიმუშაონ სისტემა, რომელიც მონოპოლიზაციას ხელს შეუშლის. მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობოს, გვერდში დაგვიდგნენ. ახლა უნდა მოვიმოქმედოთ რამე ამ მაფიის წინააღმდეგ

Leave A Reply

Your email address will not be published.