ლაგაზიძე: პაატა ბურჭულაძის პარტია დასრულდა

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ უკვე ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრობს.

როგორც ლაგაზიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, პაატა ბურჭულაძემ პარტია წევრებიანად, ლიდერებიანად და ამომრჩევლებიანად გაყიდა.

„ეს იყო უმძიმესი გადაწვეტილება, რადგან პაატა ბურჭულაძესთან ერთად პირველივე დღიდან ვაშენებდით ჯერ ფონდს და შემდეგ უკვე, პარტიას.

არ დამავიწყდება ბედობის ღამე – 14 იანვრის ღამე, როდესაც პირველად ოფისს ვხსნიდით თელავში და ჩემი ხელით ვასუფთავებდი და ვაკრავდი ბანერებს. მძიმეა დასასრული, რადგან პაატა ბურჭულაძის პარტია დასრულდა.

პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია სტრუქტურებიანად, წევრებიანად, ლიდერებიანად და ამომრჩევლებიანად“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, „გირჩთან“ გაერთიანება პაატა ბურჭულაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო.

„ეს იყო ერთპიროვნული გადაწვეტილება. როგორც ის ამბობს, ეს იყო ერთადერთი ნაბიჯი, რომ პარტია გადაერჩინა ფინანსური კრიზისისა და დაშლისგან. პარტიის გადარჩენა უნდა დადასტურებულიყო საარჩევნო სიით. სიას დაველოდე სრულიად შეგნებულად, სიამდე წამოსვლის მორალური უფლება არ მქონდა. გაყიდული „ნაციონალებით“ არის დაკომპლექტებული პაატა ბურჭულაძის სიის 70%.

სია არის ის ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ პაატამ ეს გარიგება გააკეთა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ სიაში მხოლოდ სამია პაატას პარტიიდან, დანარჩენები გამყიდველი „ნაციონალებით“ არის დაკომპლექტებული, კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ზეწოლით მოხდა ამ სიის ფორმირება“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ის აიძულეს რომ პარტია დაეტოვებინა.

„ეს არის გუნდი, რომელიც არჩევნების შემდეგ მიეყიდება ნებისმიერს. ვისი პროექტია, გამოჩნდება 8 ოქტომბრის მერე“, – აღნიშნავს ლაგაზიძე.

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ყოფილი წევრი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და სამართალდამცავ ორგანოებს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

Comments
Loading...