ლალი მოროშკინა: არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთან მოვიდა “ქილერა” და ყველაფერი აღიარა!

საქართველოს პატრიოტთა ალინსის  წევრი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო ემპრესი უცვლელად გთავაზობთ : 

მიხეილ სააკაშვილმა, როგორც გამოჩენილმა პიარ-სტრატეგმა, თავისებურად დაალაგა 2006 წლის გეგმა. ეს წელი იყო გარდამტეხი, რათა გარანტია ჰქონოდა, რომ შემდეგ არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებდა. ვინაიდან იმ პერიოდში “ნაცმოძრაობის” რეიტინგი იკლებდა, ახლოვდებოდა ბადრი პატარკაციშვილის შემოსვლის პროცესი პოლიტიკაში და უკვე ზვირთდებოდა ქუჩაში გამომსვლელთა ტალღა. აი, ამიტომ შემუშავდა მაღალ დონეზე 2006 წლის სცენარი, რომელიც იყოფოდა სამ ფაზად: პირველი – ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება, ანუ ყველას ლიკვიდაცია ან ციხეში გამოკეტვა, მეორე – ვისაც ცოტაოდენი ქონება გააჩნდა და მათ ხელს უშლიდა, ყველასთვის უნდა ჩამოერთმიათ, მესამე – სპეცოპერაცია “სვანები”, რომელიც იყოფოდა ორ ნაწილად, ერთი სცენარი უნდა დადგმულიყო კოდორში, უნდა განადგურებულვნენ ემზარ კვიციანი და მისი გარემოცვა, მეორე – ციხეში უნდა მომხდარიყო ბუნტი და მომხდარიყო ძირითადად სვანების ლიკვიდაცია.

კოდორი და ციხის ბუნტი ერთი და იგივე თემაა. მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით ვერ იტანდა სვანებს, ის გრძნობდა, რომ სვანები ყოველთვის უპირისპირდებოდნენ. თუ მან მეგრელები ახალაიების საშუალებით დაიმორჩილა, სვანებს ვერაფერი მოუხერხა. ასე თუ ისე, კახეთი განმუხტა, აჭარაც, ქართლიც, მაგრამ სვანეთი არ ემორჩილებოდა, უფრო სწორად, სვანური კლანები ყელში ჰქონდა გაჩხერილი და ციხეში ბუნტი მოხდა სწორედ 11 სვანის გამო, რომლებიც მაშინ იხდიდნენ სასჯელს. ბუნტის დროს 8 ადამიანი დაიღუპა.

მაგალითად, როცა ჩემს ქმარს ესროლა ბაჩო ახალაიამ, ამ დროს ტყვია მოხვდა სულ სხვას. ახლა მოვყვები იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც საერთოდ უცნობია საზოგადოებისთვის: იმ ბუნტის შემდეგ, იმ უბედურების შემდეგ, რაც მოხდა, თერთმეტივე სვანი პატიმარი, მათ შორის ჩემი მეუღლეც, მიჰყავთ რუსთავში, ჯერ კიდევ გაუხსნელ მე-6 ციხეში, სადაც ხვდებიან ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და კახა ბუცხრიკიძე. ბუცხრიკიძე, პარლამენტში რომ გვეჯდა, 2006 წელს იყო სასჯელაღსრულების უფროსი. რუსთავის გაუხსნელ ციხეში ყველა პატიმარს უსწორდებიან სიკვდილამდე. მე ამას არ ვყვები ჭორის დონეზე, ჩემი მეუღლეც იქ ჰყავდათ და მასაც გაუსწორდნენ. ასევე, იქ იმყოფებოდა “ქილერა”, ანუ ალექსანდრე მუხაძე. ერთი თვის განმავლობაში ამ პატიმრების ოჯახების წევრებმა არ იცოდნენ, სად იყვნენ ისინი. როდესაც მაგრად სცემეს და აწამეს, ეს ბიჭები ბეტონზე დაყარეს შიშვლები. არ დაგავიწყდეთ, მარტია და ძალიან ცივა. ამის შემდეგ ზოგი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა, ზოგს კიდევ საერთოდ გაუნადგურდა ფსიქიკა. დღეს ერთი ნაწილი დაინვალიდებულია, მეორე ნაწილი საერთოდ გაიქცა საქართველოდან.

ბუნტის წინა დღეებში ბაჩო ახალაია შევიდა ციხეში, მოძებნა გიორგი ავალიანი და ფიზიკურად გაუსწორდა. ავალიანმა წინააღმდეგობა გაუწია, ახალაიას დაარტყა. ამის შემდეგ მას ისე სცემეს, დღემდე ინვალიდის ეტლში ზის. ეს ყველაფერი მოხდა 2006 წლის მარტში, ამის შემდეგ იწყება კოდორის სცენარი და რაც მოხდა, უკვე ვიცით. დაიჭირეს ირაკლი ბათიაშვილი, ნორა კვიციანი და სხვები. გაიხსენეთ, რა საავიაციო “შოუ” მოაწყეს აფრასიძეებთან დაკავშირებით. ესე იგი, სვანებს უნდა ჰქონოდათ განსაკუთრებული შიში, რათა მიშას დავთრები არავის აერია. საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ახალაიებსა და მათ ძმაკაცებს პატიმრები გაჰყავდათ მინდორში, უშვებდნენ და შემდეგ აწყობდნენ ღია ნადირობას.

სხვათა შორის, 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩემთან სახლში მოვიდა ალექსანდრე მუხაძე, ანუ “ქილერა”, რომელმაც დეტალურად მიამბო, თუ რა მოხდა ბუნტის დროს. ყველაფერი აღიარა, მითხრა და მთხოვა დახმარება. მე ძალიან გამიკვირდა, იმ პერიოდში ციხეებშიც შევდიოდი, ამ ადამიანს არ უნდოდა, კანონის ხელში ჩავარდნილიყო. მე ვინ ვიყავი, რომ რამე დაპირება მიმეცა? მან გათვალა, შენ ამ მხრივ ძალიან აქტიურობ, მონიტორინგის ჯგუფი რომ ყალიბდება, იქ ხარ და როდესაც პატიმრები ჩემს წინააღმდეგ ჩვენებებს მოგცემენ, იქნებ რამენაირად მიშველოო? რატომ უნდა გიშველო-მეთქი? ახალაიები გასაქცევად ემზადებიან, მაგათ უკვე გეგმა აქვთ შემუშავებული, ყველა საკუთარ თავს შველის და მე პატრონი არ მყავსო. თუმცა მოგვიანებით ამ ადამიანმა იმდენი მაინც მოახერხა, რომ საქართველოდან გაიქცა. – წერს მოროშკინა

Comments
Loading...