ლანა პაპიძე – ჩემს დას დღიური არასდროს უწარმოებია

მრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე აცხადებს, რომ მის დას დღიური არასდროს უწარმოებია. როგორც ლანა პაპიძე აცხადებს, გამოძიება ჩიხშია შესული.

“პროკურატურის გამოფენა ჩემთვის უცხო არ იყო, ამაზე ადრეც იყო ლაპარაკი. გამოფინეს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩიხშია შესული გამოძიება და ვეღარ აგნებენ გზას საიდან რა გააკეთონ. ჩემი და ისეთი შტერი გოგო არ არის, რომ დღიური ეწარმოებინა სერიულ მკვლელობაზე, ეს დღიური ტელევიზორზე დადო. ეს არის ზღაპრები, მაგრამ მეტი გზა არ აქვთ. უნდათ, რომ ხალხში ახალი ბუნტი დაიწყონ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წაიყვანონ ხალხი. ნორმალურად და საღად მოაზროვნე ხალხი ამას სხვა კუთხით მიუდგება, ჯერ ერთი დაგეგმვა და შემდეგ ჩაწეროს დღიურში როგორ რა უნდა გააკეთოს? ეგ იმას მიუყარონ ვინც დაიჯერებს”, – განუცხადა პალიტრატვ.გე-ს ლანა პაპიძემ.

მისივე თქმით, დღიურში არსებული ჩანაწერების კალიგრაფია მისი დის კალიგრაფიას არ გავს.

“ჯერ ერთი კალიგრაფია ჩემი დისას არ ემთხვევა. რა, დაგეგმა შვილისა და ქმრის მკვლელობა, დღიურში ჩაწერა, გამოააშკარავა და მერე თურმე ტელევიზორზე დადო? დედამთილმა იპოვა და პროკურატურას გადასცა?” – აღნიშნა ლანა პაპიძემ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას თავად ბრალდებულის დღიური წარმოადგენს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაპიძის დღიურში არსებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრალდებულს მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

პროკურატურა სახლიდან ამოღებულ დღიურში არსებულ ჩანაწერებსაც ასაჯაროებს.

Comments
Loading...