ლარმა ისტორიული შავი ფურცელი გადაწერა

მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ლარმა ისტორიული ანტირეკორდი დააყარა. ასე დაბლა ეროვნული ვალუტა არასდროს დაშვებულა. ხალხში პანიკა დაიწყო, მთავრობა კი უცნაურად მშვიდად გრძნობს თავს.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირებს. მისი თქმით, რომ არა ეროვნული ბანკისა და მთავრობის კონტრზომები, ლარის გაუფასურების მასშტაბები გაცილებით დიდი იქნებოდა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ლარის გაუფასურებაზე საუბარს არასწორს უწოდებს.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ლარი არ გაუფასურებულა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. იგივე კურსი აქვს შენარჩუნებული ევროსთანაც და სხვა ვალუტებთანაც. აქედან გამომდინარე, ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა. საიდან არის გამოწვეული?! რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მიმდინარეობს არა მარტო ჩვენს გარშემო ქვეყნებში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რა მდგომარეობაშია ნავთობის ფასი. მგონი სარეკორდო ნიშნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა“, – განაცხადა ტყემალაძემ.

მისი თქმით, ფასები მხოლოდ გარკვეულ პროდუქტზე გაიზარდა, გარკვეულ პროდუქტზე კი პირიქით – შემცირდა. ტყემალაძეს ამის მაგალითად ხილის ფასი მოჰყავს.

„ზამთარში, როცა ვაშლის ფასი 4-5 ლარი იყო, ნახეთ დღეს რა ფასია. იმ საქონლის ფასი, რომელიც იმპორტზეა მიბმული, გარკვეული ნაწილით არის გაზრდილი, მაგრამ პროდუქტის, რომელიც ადგილობრივ წარმოებაზეა მიბმული – არა. ამიტომ არის, რომ ქვეყანა უნდა ზრუნავდეს, რათა ბაზარი ადგილობრივი საქონელით იყოს დაკმაყოფილებული, ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი რაოდენობით მაინც. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართულებებიც სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ადგილობრივ პროდუქციას შევუწყოთ ხელი“, – აცხადებს ტყემალაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილმა ტყემალაძის განცხადებას ლართან დაკავშირებით ცინიკური უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება პრობლემის არსებობას არ აღიარებს, ამიტომ მდგომარეობის გამოსწორება ამ ვითარებაში შეუძლებელია.

„ტყემალაძის განცხადება ლართან დაკავშირებით ცინიკურია. ათიათასობით მოქალაქეა შეწუხებული ლარის კურსის ვარდნით და ამ დროს მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ პრობლემა არ გვაქვს, ლარი არ გაუფასურებულა. რა თქმა უნდა, მისთვის, უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენელთათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ლარის კურსის მდგომარეობას, მაგრამ ძალიან ბევრი მოქალაქის ოჯახს ეს პირდაპირ ურტყამს და ქვეყნის გაღარიბებას იწვევს. ამ მთავრობის პირობებში შეუძლებელია მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ისინი პრობლემას არც აღიარებენ“, – განუცხადა ჭიაბერაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარ მიზეზად საქართველოს მთავარ საგარეო სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს ასახელებს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მსხვილი სავაჭრო პარტნიორებია და ამ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება, მცირდება მათი ეკონომიკა. ეს ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელზეც და სხვა წყაროებზეც აისახება, საიდანაც ხდება უცხოური ვალუტის შემოდინება.

მისი აზრით, ამ სიტუაციაში რეზერვის დახარჯვას აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება.

„ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ არის გამოწვეული ლარის გადაჭარბებული მიწოდებით ან არასწორი ფისკალური პოლიტიკით. ამდენად რეზერვის დახარჯვას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან შედეგი არ ექნება“, – მიიჩნევს ცომაია.

რაც შეეხება მიზეზებს, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ამაში წვლილი მხოლოდ რეგიონში არსებული სიტუაციას არ მიუძღვის. მისი შეფასებით, რეგიონში არსებული სიტუაცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ქართულ ვალუტაზე საშუალოვადიან პერიოდში აისახება და არა მაშინვე.

„ძალიან ადვილი საპროგნოზო იყო, რომ ნავთობი გაიაფდებოდა და, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისი გაგრძელდებოდა. არ ჩანდა პროგრესის ნიშნები არც სხვა მეზობელ ქვეყნებში. მთავრობა არის იმისთვის, რომ წინასწარ გათვლები გააკეთოს, მათ გაცილებით მეტად მიუწვდებათ ინფორმაციაზე ხელი, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ დარგის სპეციალისტებს. ამიტომ, მათ უფრო მეტად უნდა იმუშაონ სწორი მოლოდინის შექმნის მიმართულებით და გააკეთონ შესაბამისი განცხადებები. თუმცა, რეგიონული ფაქტორი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

თუ წინა მინიმუმს გავიხსენებთ, რომელიც 1999 წელს დაფიქსირდა, ეს გამოიწვია რუსეთში ეკონომიკურმა კრიზისმა. მაშინ საქართველო ძალიან იყო დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკაზე. დღესაც საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი და ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის როლი. გვყავს ასეთი არასტაბილური სავაჭრო პარტნიორი, მაშინ, როდესაც არის შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი, ან ჩინეთი იყოს ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ეს ყოველთვის ცუდად აისახება ქართულ ეკონომიკაზე, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ეკონომიკის და სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის მიმართულებით“, – აცხადებს კეპულაძე.

მისივე თქმით, მოლოდინზე გავლენას ახდენს ასევე ნდობის არარსებობა ოფიციალური პირების მიმართ, რომლებმაც 2015 წელს არაერთხელ განაცხადეს, რომ ვალუტა მეტად აღარ გაუფასურდებოდა, მაგრამ მათი განცხადებები არ გამართლდა.

„ქვეყანაში არ დარჩა ავტორიტეტული ადამიანი ან ინსტიტუტი, რომლის განცხადებებიც იქნება ბაზრისთვსის და მოსახლეობისთვის დამამშვიდებელი. მთელი წინა წელი გვესმოდა აქტიური შავი პიარი ეროვნული ბანკის მიმართ. ასევე გაუფასურდა მთავრობის განცხადებები და მინისტრების, რომელბიც აცხადებდნენ, რომ მეტად აღარ გაუფასურდება ლარი. მოსახლეობის და ბიზნესის ნდობა ამ ადამიანების მიმართ არის ძალიან დაბალი“, – აცხადებს კეპულაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი ირწმუნება, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და არსებობს მიზეზი იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილნი. მისი აზრით, არაფერი საგანგაშო ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით არ ხდება.

„ეს არის კორექტირება ლარის კურსის იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენ მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგეშო ნამდვილად არ არის და ჩვენ ყველა მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ საშუალო და გრძელვადიან რამე ნეგატიურს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასობაში კურსი სულ უფრო მაღლა მიიწვეს. შორს არ არის ის დრო, როდესაც 1 დოლარი 2,5 ლარი ეღირება.

for.ge

Comments
Loading...