ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე, უჩა ნანუაშვილი და მედეა ვასაძე არ დაიკითხებიან

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის საქმეზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე არ დაიკითხებიან. მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც საქმეზე დამატებითი მტკიცებულების დართვას ეხებოდა. ოქროპირიძის ადვოკატები ნანუაშვილისა და ვასაძის გარდა, სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლების, ასევე, პატიმრების დაკითხვას ითხოვდნენ, რომლებიც, მათი თქმით, ოქროპირიძის წამების ფაქტს პირადად შეესწრნენ. მოსამართლე მიიჩნევს, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა შეეხება იმ ბრალდების საქმეს, რომელიც ამჟამად, არსებითი განხილვის ეტაპზეა. „ყველა ეს დოკუმენტი შეეხება იმ ბრალდების საქმეს, რომელიც ამჟამად არსებითი განხილვის პროცესშია. ცრუ დასმენის ფაქტზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტები განხილული იყოს ამ სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლოსთვის და ნაფიცი მსაჯულებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა ის, რაც ასახავს შედეგს“, – აღნიშნა არეშიძემ განჩინებაში. გიორგი ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნაფიცი მსაჯულების პირობებში იმართება, დღეს მხარეების შესავალი სიტყვით გამოსვლა იგეგმება. შესაძლებელია, დღეს დაიკითხოს ბრალდების მოწმე, მოკლული ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე. გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ, მიმდინარე წლის ივნისში, 13-საათიანი მსჯელობის შემდეგ ვერდიქტი ვერ გამოიტანა. მსაჯულების ახალი შემადგენლობის არჩევის პროცესი ხუთ თვეს გაგრძელდა. იმ შემთხვევაში, თუ ნაფიცი მასაჯულების ახალმა შემადგენლობამაც ვერ შეძლო ვერდიქტის გამოტანა, ოქროპირიძე გამართლებულად ჩაითვლება.

Leave A Reply

Your email address will not be published.