ლაშა ნაცვლიშვილი: როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი – ემწარათ სიმართლე

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის ბრალდებებს „აგონიურ ბოდვას“ უწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

„როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately…

მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს.

და სწორედ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, – მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.

P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე – მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, – ეს არა მხოლოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია“, – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

დავით საყვარელიძის თქმით, ლაშა ნაცვლიშვილი მის მეგობარს რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფარულ ჩანაწერებს სთავაზობდა.

„ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს, ერთ ჩვენს მეგობარს შეხვდა ევროპის ერთ დედაქალაქში და მას შემდეგ, რაც განაწყენებული და გაგდებული იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე, რამდენიმე მილიონის სანაცვლოდ, შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა, რამდენადაც ჩვენ მაშინ მილიონები არ გვქონდა, ამ ჩანაწერების რეალიზაცია არ მოხდა“, – აცხადებს დავით საყვარელიძე.

Comments
Loading...