როგორ შეიქმნა ცნობილი ბრენდები

Pampers
კომპანია Procter & Gamble-ს წამყვან ქიმიკოს-ტექნოლოგს, ვიქტორ მილზს, რომელიც მეუღლეს ხშირად ეხმარებოდა ბავშვების მოვლაში, უწევდა შვილიშვილებისთვის სველი საფენების გამოცვლა, გარეცხვა და გაშრობა. ეს პროცესი, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იყო და სურდა, ცხოვრება გაეადვილებინა. სწორედ მაშინ მოუვიდა თავში იდეა, შეექმნა ერთჯერადი ”საფენი”. რამდენიმე ექსპერიმენტის შედეგად, სხვადასხვა მასალების გამოყენებით, მილზმა P&G-ისთვის ახალი პროდუქტი შეიმუშავა, რომლის გამოშვება სავაჭრო მარკა Pampers-ით დაიწყეს.

Chupa-Chups
ბრენდი Chupa-Chups ესპანეთში 1958 წელს დაარსდა. ენრიკე ბერნატმა პირველმა შექმნა საწუწნი კანფეტი ჯოხზე (თავდაპირველად ხის), რომლითაც არც ხელებს დაისვრიდი და არც ტანსაცმელს. ლოგოტიპის დიზაინი ენრიკე ბერნატის მეგობარმა, სალვადორ დალიმ შექმნა, სწორედ მან მოიფიქრა ლოგოტიპისთვის ყვავილის ფორმის მიცემა, რომელმაც ოდნავ იერშეცვლილი სახით დღემდე მოაღწია.

Coca-Cola
Coca-Cola ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა გამოიგონა, შედგებოდა კოკას ფოთლებისგან და კოლას თხილისგან, დაპატენტებული იყო, როგორც სამკურნალო საშუალება ნერვული აშლილობისგან. იმ დროს კოკაინი აკრძალულ ნივთიერებათა სიაში არ შედიოდა და მას ტონუსის ასამაღლებლად სასმელებში ურევდნენ ალკოჰოლის ნაცვლად. როდესაც კოკაინი აკრძალეს, მის პოპულარიზაციაში Coca-Cola-ს დასდეს ბრალი. სასმელიდან ამოიღეს მისი შემცველობა, თუმცა, პროდუქტის პოზიციონირება არ შეცვლილა და მისი პოპულარობა გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა.

Lacoste
საფრანგეთის საჩოგბურთო ნაკრების კაპიტანი რენე ლაკოსტას ნიანგის ჩემოდანს შეპირდა, თუ იგი დევისის თასს მოიგებდა. ამ სანაძლეოს გამო, რომელიც სხვათა შორის, რენემ მოიგო, ამერიკულმა პრესამ ჩოგბურთელს მეტსახელად ”ალიგატორი” შეარქვა. საფრანგეთში მეტსახელი ”ნიანგად” გადააკეთეს, კორტზე ჩოგბურთელის ქცევის გამო. ლაკოსტას მეგობარმა, რობერტ ჯორჯმა მისთვის ნიანგი დახატა. ნიანგი მოგვიანებით ჩოგბურთელის მაისურზე ამოქარგეს, რომლითაც თამაშებზე გამოდიოდა.

Swarovski
დანიელ სვაროვსკიმ ბროლისა და ძვირფასი ქვების დასამუშავებელი მსოფლიოში პირველი ელექტროჩარხი შექმნა, რამაც საშუალება მისცა, სტრაზები ეწარმოებინა. სტრაზები XVIII საუკუნის ცნობილი თაღლითი იუველირის, ჟორჟ ფრედერიკ სტრასის პატივსაცემად ეწოდა, რადგან, იგი ბროლის ნამსხვრევებს ბრილიანტებად ასაღებდა. სვაროვსკის გემოვნებისა და ალღოს წყალობით, იმიტაცია ორიგინალთან ერთ დონეზე დადგა, სახელი კი, მსოფლიო ცნობილ ბრენდად იქცა.

Apple
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ჩაკბეჩილი ვაშლის ლოგოტიპის იდეას Apple გენიალურ მათემატიკოსს, ალან ტიურინგს უნდა უმადლოდეს, რომელსაც ინფორმატიკაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. თუმცა, თავისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაზარალდა. ტიურინგი ჰომოსექსუალი გახლდათ, რაც იმ დროს დიდ ბრიტანეთში კანონით იყო აკრძალული, ჰომოსექსუალიზმი კი ფსიქიურ დაავადებად ითვლებოდა. 1952 წელს ტიურინგი გაასამართლეს. მას ასარჩევად ორი რამ შესთავაზეს, ან ციხე, ან ლიბიდოს დაქვეითება – ქალური ჰორმონი ესტროგენის მეშვეობით, რაც ქიმიური კასტრაციის ტოლფასი იყო. მეცნიერმა მეორე აირჩია. ერთ-ერთ ეფექტს მკერდის ზრდა წარმოადგენდა, მათემატიკოსმა მალე სამსახურიც დაკარგა. ტიურინგი ერთი წლის განმავლობაში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ბოლოს კი, კალიუმის ციანიდით თავი მოიწამლა. ციანიდის ხსნარი ვაშლს მოასხა, ჩაკბიჩა და გარდაიცვალა. ვაშლი მეცნიერის სამუშაო მაგიდაზე იპოვეს.

Adidas და Puma
ცნობილია, რომ კომპანია Adidas-მა სახელწოდება ერთ-ერთი დამფუძნებელის – ადოლფ დასლერის პატივსაცემად მიიღო. Puma კი მისმა ძმამ, რუდოლფ დასლერმა შექმნა. ლეგენდის თანახმად, ძმების მამა მთელი ცხოვრება მცხობელად მუშაობდა. ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სახელოსნო გახსნეს. ადოლფს დიზაინერის ნიჭი ჰქონდა, რუდოლფს კი – მარკეტოლოგის. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და მამის გარდაცვალების შემდეგ, ძმებმა იჩხუბეს და უკვე საკმაოდ დიდი კომპანია ”დასლერი” გაიყვეს. ეს ყველაფერი გერმანულ ქალაქ გერცოგენაურაჰში ხდებოდა, რომელიც ძმების კამათმა ორად გაჰყო. ფაბრიკების მუშები დადიოდნენ მხოლოდ თავის ბარებში, სვამდნენ განსხვავებულ ლუდს, შვილები სხვადასხვა სკოლებში დადიოდნენ. კომპანიების მფლობელობაში საკუთარი საფეხბურთო გუნდები იმყოფებოდა. დღემდე, თუ რომელიმე თანამშრომელი ძმის კონკურენტი კომპანიის მიერ წარმოებულ ფეხსაცმელსა თუ ტანსაცმელში შენიშნეს, დაუყოვნებლივ ათავისუფლებენ სამსახურიდან.

Leave A Reply

Your email address will not be published.